საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 25-ქულიანი გამარჯვებით გახსნა

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 25-ქულიანი გამარჯვებით გახსნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის, ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა F ჯგუფის გასნით მატჩში კაბო ვერდეს ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა – 60:85  (სტატისტიკა).

საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის კალათბურთი, რომლისკენაც მიილტვიან ილიას ზუროსი და მისი ასისტენტების გუნდი. დაცვა იყო ის დასაყრდენი, რამაც ჩვენს ნაკრებს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა. მეტოქემ პირველ ნახევარში მხოლოდ 22 ქულა ჩააგდო, საქართველომ კი – 48. არადა, თამაში ისე დაიწყო, რომ ქართველებმა გვარიანად ინერვიულეს. დაძაბულობა არ აძლევდა ჩვენი გუნდის წევრებს საშუალებას, იოლი ბურთები ჩაეგდოთ. ხელსაყრელი სიტუაციიდან არაერთი აცილებული ბურთის შემდეგ კაბოვერდელები 8:2 დაწინაურდნენ, რასაც ილიას ზუროსის წუთშესვეება მოჰყვა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა მოედანზე გიორგი ცინცაძეს უხმო, რომელიც ნაკრებში ყველაზე გამოცდილია და ბურთის მიღებისთანავე სამქულიანი ჩააგდო. “ბუმ” იგივე გაიმეორა მალევე, რითაც საბოლოოდ “გახსნა” თამაში. ჩვენი გუნდი წევრებს თითქოს ბორკილები მოეხსნათ: დუდა სანაძემ, თად მაკფადენმა და სანდრო მამუკელაშვილმა სამქულიანების ანგარიში გახსნეს, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და მის ნაცვლად მოედანზე გამოსული გოგა ბითაძე ფარქვეშ გამაგრდნენ. კაბოვერდელთა ნაქები ედი ტავარეში სრულიად შებოჭილი იყო. აფრიკელთა წარმომადგნლებს არც სამქულიანები წაუვიდათ და პირველ ნახევარში მოპოვებულ 28-ქულიან ლიდერობას ქართველებმა მესამეში 5 ქულაც შემატეს. 

70:37 ბოლო პერიოდის დაწყებამდე – ეს გამარჯვებას ნიშნავდა. ჩვენი ნაკრებისთვის მატჩის შედეგზე ზრუნვას აზრი დაეკარგა და მსოფლიო კალათბურთის უმაღლესი საკალათბურთო არენა ტურნირზე საადაპტაციოდ, ფასდაუდებელი გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს.

ბოლო პერიოდი კაბოვერდელებმა მოიგეს, თუმცა ისე ვერა, რომ საკუთარი დამარცხებისთვის ღირსეული სახე მიეცათ. ილიას ზუროსმა მოედანზე სათადარიგოებს უხმო. ლუკა ლიკლიკაძე, მიხეილ ბერიშვილი და გიორგი ტურძილაძე აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ძვირფასი გამოცდილება შეიძინეს. საბოლოოდ საქართველომ 85:60 გაიმარჯვა და ხვალინდელი დასვენების შემდეგ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ სლოვენიასთან მატჩი ელის.

ჩვენს ნაკრებში 16 ქულით თორნიკე შენგელია ლიდერობდა. 15 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, რომელმაც აქტივში 11 მოხსნაც მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქართული ორმაგი დუბლი შეასრულა.  მნიშვნელოვანი 12 ქულა მოუტანა ნაკრებს დუდა სანაძემ.

ჩვენს ჯგუფში მეორე მატჩი დღეს გაიმართება: სლოვენია ვენესუელას შეხვდება. შემდეგი ტურის მატჩში, რომელიც 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გაიმართება, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.