დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარში დღეს დაწყებული ტურნირის პირველსავე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მოუწია თამაში, რომლის მეტოქეც კვიპროსი გახლდათ. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ შეხვედრა მინიმალური სხვაობით – 47:48 (სტატისტიკა) დათმო.
გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქართველები 44:39 იგებდნენ. ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში ჩვენებმა მეტოქეს ქულა არ ჩააგდებინეს და 5-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვეს, რაც თანაბარი თამაშის კვალობაზე სოლიდური უპირატესობა იყო.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და დარჩენილი 5 წუთი 3:9 დათმო, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა. ჩვენს ნაკრებში ქულები მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოაგროვა – ნიცა საბადაშვილმა 23, ელენე ნაგურიანმა – 15 და ანა მესტუმრიშვილმა 9 ქულა მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებს 4-გუნდიან ჯგუფში კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 10 ივლისს, 12:30 საათზე აზერბაიჯანთან და 11 ივლისს, 17:45-ზე – სომხეთთან.