საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. 16 საუკეთესო გუნდი რუმინეთის ქალაქ ორადეაში შეიკრიბა, სადაც 8 დღის თავზე ევროპის ჩემპიონი გამოვლინდება. ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან 13 საუკეთესო ელიტურ A დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, რაც ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია.
სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს მეტოქე ისრაელის ნაკრები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ მატჩში მეტოქე დავამარცხეთ, ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქემ სრული უპირატესობა მოიპოვა. პირველი პერიოდი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც, თუმცა 10 წუთის შემდეგ ისრაელმა 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (28-22). მეორე პერიოდში მეტოქემ მატჩზე კონტროლი დაამყარა — ზუსტი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით ისარგებლა, რასაც ჩვენი გუნდის წევრთა შეცდომები, დაკარგვები და აცილებული ბურთები დაერთო. შედეგად, ტაიმი ისრაელის სასარგებლოდ, 21-ქულიანი სხვაობით, 57-36 დასრულდა. მესამე მეოთხედში ისრაელმა სტაბილური თამაში გააგრძელა, უპირატესობა კიდევ 4 ქულით გაზარდა (80-55) და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ისრაელის ნაკრებმა 22 ქულის სხვაობით,
97:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან შედეგიანობით გამორჩეული გახლდათ ცოტნე დგებუაძე, რომელმაც 27:35 წუთში 26 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა დააგროვა და გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ლუკა გაბისიანმა 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბუბა კვასტიანის ანგარიშზე 7 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. მათ გარდა ქულები დააგროვეს ნიკოლოზ მარკოიშვილმა (6 ქულა, 5 მოხსნა), ლევან გაჩეჩილაძემ (6 ქულა), სანდრო კენდიმ (5 ქულა), გიგა დუმბაძემ (4 ქულა) და ლუკა ჩაველაშვილმა (2 ქულა).
ტურნირი სპეციფიკური ფორმატით მიმდინარეობს: ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში (მერვედფინალში) ყველა გუნდი გადის. თუმცა ჯგუფში მოგებებსა და დაკავებულ ადგილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაღალი პოზიცია პლეი-ოფის პირველ რაუნდში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის გარანტიას იძლევა.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 8 აგვისტოს, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.