18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანდორაში მიმდინარე C დივიზიონის ფინალურ მატჩში სომხეთი დაძაბულ ბრძოლაში – 63:60 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სომხეთის ნაკრები ძალიან მებრძოლი გამოდგა და ბოლო წამებამდე არაფერს თმობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქართველებმა იძალეს, დაცვისა და მწყობრი შეტევის ხარჯზე გამარჯვებას მიაღწიეს.
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო სალომე სვანმა, რომელმაც 26 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სალომე საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და რა თქმა უნდა, სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. სვანთან ერთად საუკეთესო ხუთეულში შევიდა ნიცა საბადაშვილიც, რომელმაც სომხეთთან 13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
სალომე და ნიცა ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას აგროვებდნენ (საშუალოდ 27.3 და 26.. ნიცას ეკუთვნის ასევე ტურნირზე ერთ თამაშში ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულის რეკორდი – 56 ქულა გიბრალტარის წინააღმდეგ.
გამარჯვებულები დააჯილდოვა ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსამ. ამ გამარჯვეით საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მომავალ წელს B დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
