ბულგარეთში მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები ბულგარეთს 14 კალათბურთელით ესტუმრა, რომლებსაც კოტე ტუღუში წვრთნის, ხოლო მისი ასისტენტები დავით ნოზაძე და ქაქუცა აბაიშვილი არიან.
ჩვენი ნაკრები ბულგარეთს ამხანაგური ტურნირის ფარგლებში ესტუმრა, რომელშიც ქართველებსა და მასპინძელ ბულგარელებთან ერთად ავსტრიაც მონაწილეობს. პირველ მატჩში საქართველო სწორედ ავსტრიას შეხვდა, რომელიც დამაჯერებლად – 86:66 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრები ბულგარეთს შემდეგი შემადგენლობით ესტუმრა:
გიორგი მესხი, გიორგი ოჩხიკიძე, ნიკოლოზ თოთლაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ვატო გაჩეჩილაძე, გუგა ნაცვლიშვილი, გიორგი ობგაიძე, გიორგი სულაბერიძე, სერგი ნინუა, როლანდ დევიძე, გუჯა ხვედელიძე, ლუკა ხარაბაძე, გიორგი შალიკიანი, ბაქარი ბერეკაშვილი.
ავსტრიასთან საქართველომ 13 კალათბურთელით ითამაშა დ პირველი ტაიმის შემდეგ გამარჯვებულის ბედი თითქმის გადაწყვიტა. საწყისი ათწუთეულის 22:14 მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე პერიოდიც დამაჯერებლად მოიგეს და დიდ შესვენებაზე 44:27 დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა – საქართველოს ნაკრებმა თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა. ჩვენს ნაკრებში 19 ქულითა და 7 მოხსნით გირგი მესხი გამოირჩა. 11 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ლუკა ლიკლიკაძემ დააგროვა. 9-9 ქულა გიორგი ოჩხიკიძემ და გიორგი სულაბერიძემ მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები ტურნირის მეორე და ბოლო მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს, რის შემდეგაც 2 სპარინგ-მატჩის ჩასატარებლად უნგრეთში გადავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.
დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
VS უკრაინა, 7 ივლისი
VS კოსოვო, 8 ივლისი
VS შვედეთი, 11 ივლისი
VS აზერბაიჯანი, 12 ივლისი