საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში თბილისის ტურით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში თბილისის ტურით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში თბილისის ტურით ლისის ტბაზე გაიხსნა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

3X3 კალათბურთი გასულ წელს ოლიმპიური სახეობა გახდა, თუმცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მას სოლიდურ ყურადღებას დიდი ხანია, უთმობს. 3X3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატი ფიბა-ს ლიცენზირებულ, გადასატან მოედანზე 5 წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის 12 გუნდი უნდა შეირჩეს. ფინალში გასასვლელი ყველაზე დიდი – 8-გუნდიანი კვოტა თბილისის შესარჩევ ტურს აქვს. დედაქალაქის შემდეგ შესარჩევი ტურები გაიმართება თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში, რომელთა გამარჯვებული გუნდებიც ფინალურ ეტაპს 12 გუნდამდე შეავსებენ და გადამწყვეტი ტურნირი საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად 21 ივლისს, “თბილისი მოლში” გაიმართება.

10 ივნისს, ლისის ტბაზე გამართულ ტურნირში თავი 15-მა გუნდმა მოიყარა. შეიქმნა ხუთი 3-3 გუნდიანი ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულებიც პლეი ოფში გავიდნენ. 5 პირველადგილოსნიდან 3 საუკეთესო შედეგის მქონე პირდაპირ გადავიდა ნახევარფინალში, ხოლო 2-მა მეოთხედფინალური მატჩი ითამაშეს. ნახევარფინალში მოსახვედრ ბრძოლაში მომავალმა ფინალისტმა “ბებერმა არწივმა” 21:13 დაამარცხა “ვაკის პარკი”. 

“ბებერ არწივში” სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი ილია ლონდარიძე, დინამოელი ზუკა მაჩალაძე, რუსთავის სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და 3×3 კალათბურთის ვეტერანი, სუპერლიგის “მგზავრების” წევრი ირაკლი ალხანაიძე თამაშობდნენ. ბებერმა არწივებმა ნახევარფინალში 18:13 დაამარცხეს Jumpmen-ი და ფინალში გავიდნენ, სადაც მათ არანაკლებ ძლიერი შემადგენლობის “Old Scholl”-ი დახვდათ.

“Old Scholl”-ის ღირსებას სუპერლიგის ფინალისტ “ქუთაისის” წევრები – დავით და გიორგი ბარბაქაძეები, რუსთაველი გოგა ცეკვავა და “მარნეულის” წევრი კოტე ბიწაძე იცავდნენ. ფინალური მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. მართალია, “Old Scholl”-მა მოახერხა სოლიდურად დაწინაურება და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 7 ქულით იგებდა, თუმცა “ბებერმა არწივებმა” მოახერხეს გათანაბრება და ბოლო წუთზე ანგარიში 19:19 იყო. შეხვედრის დასრულებამდე 19 წამით ადრე კოტე ბიწაძის 2 საჯარიმოთი “Old Scholl”-ის მონაგარმა 21-ს მიაღწია და 3X3 კალათბურთის წესების თანახმად გამარჯვება “Old Scholl”-ს დარჩა.

 ჩემპიონი გუნდის წევრები მედლებით, სიგელებითა და საჩემპიონო თასით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. მეორე ადგილზე გასულ “ბებერ არწივებს” შესაბამისი პრიზები საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელსაც MVP-ის პრიზი პაატა გურასპაულმა უსახსოვრა. 

თბილისის ტურის 8 საუკეთესო გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ესენი არიან:

1. Old School
2. “ბებერი არწივი”
3. And 1
4. Jumpmen
5. “ვაკის პარკი”
6. “შოვი”
7. “ჭოისი”
8. “მაკაბი”

საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური თელავში, 14 ივნისს გაიმართება.