ევრობასკეტი 2022 – წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.
2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით – https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს “ევრობასკეტი 2022” – ის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტები გადასცა: “დღეს საქართველო მსოფლიო სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, თბილისი ევრობასკეტ 2022 – ის მასპინძელი ქალაქია და ეს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. მინდა დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კალათბურთელებს!”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მონეტის დიზაინში გამოყენებულ წარწერებსა და “ევრობასკეტი 2022” – ის ლოგოსთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის.
© საქართველოს ეროვნული ბანკი