საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ლატვიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ლატვიასთან დამარცხდა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი რიგაში გამართა და ლატვიასთან 57:82 დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს გახლდათ რიგით მესამე ამხანაგური მატჩი, რომელშიც, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დიდი სხვაობით დათმო. 

შედეგს ამჯერად სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს და რაც სპარინგ-მატჩის მიზანია, იმ მხრივ მწვრთნელებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, ყველა საჭირო კომპონენტი გამოეცადათ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 14-მა კალათბურთელმა – გოგა ბითაძე მცირე ტრავმის გამო კვლავ ისვენებდა. სამწვრთნელო შტაბს შანსი მიეცა საქმეში ენახა გუნდის ახალწვეულები, ასევე ლატვიელებთან მატჩი შესათამაშებლად და კომბინაციების დასამუშავებლად გამოეყენებინა.

საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა პირველ პერიოდში, რომელიც 20:19 მოიგო, მეორეს შუაწელამდეც ფლობდა ლიდერობას, თუმცა რამდენიმე ლიდერის (კრისტაფ პორზინგისი, იანის ტიიმა, დავიდ ბერტანსი) გარეშე მოთამაშე მასპინძლებმა ინიციატივა მოიპპვეს, საკუთარი გულშემატკივარიც გვერდში დაუდგა და ლატვიელებმა დიდ შესვენებამდე 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. 

მასპინძლებმა პერიმეტრის გარდა უპირატესობა ფარქვეშაც მოიპოვეს. მეტოქემ მთელი მატჩის განმავლობაში 14 ბურთი მოხსნა ჩვენს ფარზე, სამწამიანში კი მაქსიმალურად ზღუდავდნენ თორნიკე შენგელიას და სანდრო მამუკელაშვილს, რომლებმაც პერიმეტრზე აიწიეს და ამით მასპინძლები ნაკლებ საფრთხეს გრძნობდნენ. სამწამიანში შედეგიანად ირჯებოდა გიორგი შერმადინს, მაგრამ მასთან ბურთი მეტოქის კარგი დაცვის მიზეზით ხშირად ვერ მიდიოდა.

საკმაოდ ბევრი – 13 წუთზე მეტი ითამაშა ლუკა ლიკლიკაძემ, რითაც ეგვიპტესთან და ლიტვასთან ნათამაშებს მეტი გამოცდილება შემატა. მოედანზე გამოჩდნენ ახალბედები – დავით კაკუშაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, რაც მწვრთნელს თითოეულის მოთამაშის შესაძლებლობაში გასარგვევად დაეხმარება.

საქართველოს ნაკრებში უმაღლესი შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. 

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან საქართველოში 7 აგვისტოს, გამთენიისას დაბრუნდება, მორიგ ამხანაგურ მატჩებს კი თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში – 12 და 13 აგვისტის გამართავს, ხოლო 14-ში ირანის ნაკრებს დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში დაუპირისპირდება. 

 

ლატვია 82:57 საქართველო 
19:20, 26:19, 20:10, 17:8

ლატვია: კურუცსი (5ქ), მეიერსი (10ქ), დაირის ბერტანსი (8ქ), შმიტსი (10ქ), ტრაუტინში (6ქ, 3პ), ჩავარსი (1ქ, 6მ), შკელე (16ქ, 5მ, 3პ), გრაჟულისი (4ქ), შტეინბერგი, ლეიმანისი, კურუცსი (5ქ), ჟაგარსი (7ქ, 5პ), ჟორიქსი (10ქ, 3პ).
 
საქართველო: კაკუშაძე (2ქ), ანდრონიკაშვილი (3ქ, 3პ), მამუკელაშვილი (7ქ, 9მ),  ჯინჭარაძე, ლიკლიკაძე, ცინცაძე (6ქ), შერმადინი (14ქ, 7მ), სანაძე (6ქ), ტურძილაძე (4ქ), ბერიშვილი, შენგელია (11ქ, 3პ), გოგიჩაიშვილი, მაკფადენი (4ქ), ბექაური.