საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში 69:81 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში 69:81 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა საბერძნეთში, ჯგუფის ლიდერთან დამარცხდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა ბერძნებს არაფერი დაუთმეს, ბოლომდე იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში აგებდნენ და ერთხანს 22 ქულითაც, ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. ქართველებს გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა მასპინძლებმა თითქმის უშეცდომოდ ჩაატარეს დასკვნითი წუთები და გამარჯვებას მიაღწიეს – 81:69.

ილიას ზუროსის გუნდს აკლდა საკვანძო მოთამაშეები – თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, დიმიტრი ფაცაცია… ბერძნებსაც არაერთი მოთამშე აკლდათ, თუმცა ილიას ზუროსის სამშობლოში გაცილებით მეტი კალათბურთელი მოიძებნება, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში და ეს დღეს, Dyo Aorakia არენაზეც დაამტკიცეს.

საბერძნეთის ნაკრებმა პირველ პერიოდშივე მოიპოვა უპირატესობა, თუმცა როცა მათი გამოცდილი ვარსკვლავი, იონას ბურუსისი სამწამიანში გიორგი შერმადინის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მასპინძლებმა შეტევის იარაღი პერიმეტრზე გადაიტანეს და სამქულიანებით შემოგვიტიეს. პერიმეტრზე აიწია ბურუსისმაც, რომელმაც სამქულიანიც კი ჩააგდო, თუმცა ძირითადად უკანახაზელები არტყავდნენ მიზანში და საბერძნეთის ნაკრების უპირატესობა 10 ქულას ასცდა.

დაახლოებით ამ სხვაობით მიმდინარეობდა მატჩი, თუმცა პირველი ნახევრის ბოლო წამზე ბერძნებმა მორიგი სამქულიანი ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 44:31. მესამე პერიოდში მასპინძლებმა განაგრძეს ზუსტი შორი სროლების განხორცილება და მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძელთა ლიდერობა 22 ქულამდე გაიზარდა – 55:33. ეს უკვე ძალიან დიდი სხვაობა იყო, თუმცა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე საქართველოს ნაკრებმა 12-ქულიანი გაქცევა განახორციელა და ჩამორჩენა 10-ქულამდე შეამცირა. ამ ეპიზოდში ქართველებმა კარგად ითამაშეს დაცვაში – რაც გარკვეულწილად პრესინგის დამსახურება გახლდათ. მიხეილ ბერიშვილმაც გაისწორა სამიზნე, ხოლო გიორგი შერმადინი ფარქვეშ შეუჩერებელი გახლდათ. 

მესამე პერიოდის დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა მაინც იძალეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე 15-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. აქ კი მოხდა ის, რისთვისაც ილიას ზუროსი გუნდს ამზადებდა. საქართველოს ნაკრებმა ხისტი დაცვისა და ორგანიზებული შეტევების ხარჯზე მოახრხა ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება (63:68)მდა მოსაგებად დროც ჰქონდა – მთელი 6 წუთი, თუმცა მასპინძლებს ნაწილობრივ გაუმართლათ – სამქულიანები ისევ ჩააგდეს, ქართველებმა კი 2-3 საკვანძო შეცდომა დაუშვეს და მატჩის ბედიც გაირკვა.

ნამატჩევს ილიას ზუროსი სულაც არ გახლდათ იმ განწყობით, რომ მისი გუნდი დაიჩაგრა. პირიქით – იმ შემადგენლობით, რაც საქართველოს ჰყავდა, ზუროსის გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. გუნდთან, რომელიც ჯგუფის ლიდერია და საბოლოოდ პირველ ადგილზეც გავიდა, ქართველებმა ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლეს. ბერძნული მედია აცხადებდა, რომ ბერძნები დიდი სხვაობით მოიგებდნენ, თუმცა ყველამ ნახა, რომ ბრძოლა ბოლომდე იყო და მცირე იღბალი რომ ჰქონოდათ, ქართველებს გამარჯვების მიღწევაც შეეძლოთ.

საქართველოს ნაკრებში 27 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასით და 2 დაფარებით საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი. 18 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გიორგი ცინცაძმ შეხვედრაე 7 პასით და 5 ქულით დაასრულა. ბერძნებს 15 ქულით პანაგიოტის ვასოლოპულოსმა ულიდერა, თუმცა 9 ქულის, 10 მოხსნის და 6 პასის მიმთვლელი იონას ბურუსისიც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ჩვენსავე ჯგუფში, სათქმელად იოლია, მაგრამ ისრაელმა გერმანია, ესტონეთმა კი სერბეთი დაამარცხა. ამიტომაც ორმაგად დასანანია საბერძნეთში წაგება. მოგების შემთხვევაში საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი გაუჩნდებოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. 

საბერძნეთი – საქართველო
სტატისტიკა: 81:69