24 შედეგიანი გადაცემა ჩვენს გუნდს აქამდე არ გაუკეთებია. დღეს ბურთი სწრაფად და ბევრს მოძრაობდა. შედეგიც სახეზეა – იორდანიასთან მოგების შემდეგ კმაყოფილი იყო ილიას ზუროსი, რომლის გაწვრთნილმა საქართველომაც მეტოქე დამაჯერებლად – 86:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში გავიდა.
ფინალში საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება, რომელმაც დღეს, თბილისი არენაზე გამართულ მეორე ნახევარფინალურ მატჩში ირანი 81:66 (სტატისტიკა) დაამარცხა. მონტენეგროელებმა ირანს პირველი ტაიმი იოლად მოუგეს, მეორეში კი აზიელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და 15 ქულით წააგეს.
თბილისის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე ოთხივე გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა. ყველა მათგანისთვის ამ მატჩებს მოსამზადებელი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სწორედ ეს აღნიშნა, რომ იორდანიასთან მოგებული მატჩი იმედისმომცემი იყო, რომელმაც გამოაჩინა ჩვენი გუნდის პოტენციალი და ის, რომ დაცვაზე კიდევ უფრო მეტია სამუშაო.
„დღეს გუნდურად კარგად ვითამაშეთ, ბურთსაც ვატრიალებდით, დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით.
გახარებული ვარ გოგა ბითაძის დაბრუნებით. გვინდა, ყველა კალათბურთელი ჩვენთან იყოს, რომ დანიშნულების წერტილამდე შეთამაშებულები მივიდეთ.
ასე თუ განვაგრძობთ, კარგი შედეგი გვექნება. ამისთვის თავგანწირვაა საჭირო. მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ იქ. ამიტომ, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ და იმედი მაქვს, ხვალ, ფინალზე, დარბაზი გაივსება.
მინდა, დავამატო ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – 24 პასი გვქონდა, რამაც ძალიან გამახარა. მიყვარს ახალგაზრდა კალათბურთელები, ყოველთვის ვაძლევ მათ შანსს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული შეხვედრა იყო, პირველ მატჩს ატარებდნენ ნაკრების მაისურით ქართველი გულშემატკივრის წინაშე.
დიდ ყურადღებას ვაქცევ ახალგაზრდულ ნაკრებებს და მიხარია, რომ 16-წლამდელთა გუნდმა B დივიზიონში მიაღწია მაღალ შედეგს, გავიდა ნახევარფინალში“.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაშის შესახებ ისაუბრა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ:
„ამ მატჩში ბევრი პოზიტივი დავინახეთ. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისიდან დღემდე პროგრესი ნამდვილად ჩანს. დაცვაშიც და შეტევაშიც იყო ბევრი კარგი ნიუანსი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ.
ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ – გუნდურობაა“.
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველო და მონტენეგრო ერთმანეთს 13 აგვისტოს, 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან. მანამდე კი მე-3 ადგილისთვის ირანი და იორდანია შეხვდებიან.