საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოპენჰაგენში დანია დაამარცხა და მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ფარუმ არენაზე, საკუთარი გულშემატკივართა მხურვალე ქომაგობის ფონზე მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა. საქართველო მესამე პერიოდში 33 ქულით იგებდა და დარჩენილ დროში მოედანზე გუნდის ძირითადი ბირთვის წევრები – გამოცდილი კალათბურთელები აღარ გამოჩენილან, რითაც მასპინძლებს შანსი მიეცათ, გამანადგურებელი სხვაობით მარცხი თავიდან აეცილებინათ, თუმც საბოლოოდ 18 ქულით მაინც წააგეს – 71:89 (სტატისტიკა).
ამ გამარჯვებით საქართველომ დანიას გადაასწრო და მსოფლიოს საკვალიფიკაციო A ჯგუფში სერბეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე, გამსვლელ ადგილზე გამაგრდა. ამ გამარჯვებით საქართველომ ფაქტობრივად მოიპოვა მეორე ეტაპის საგზური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. მოგეხსენებათ, გუნდს პირველს ეტაპზე დაგროვებული ქულები მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიჰყვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მით უფრო მეტი შანი გაქვს, რაც მეტ ქულას გაიყოლებ. ასე რომ, დანიას თბილისშიც უნდა მოვუგოთ, რათა მინიმუმ 2 მოგება დავაგროვოთ და დარჩენილ 2 მატჩში – უკრაინასთან და ესპანეთთან – დამატებითი ქულების მოპოვებას ვეცადოთ.
ამას საქართველო შეძლებს, თუ ისე ითამაშებს, როგორც დღეს, დანიაში. პირველი და ბოლო მეოთხედი საქართველოსი არ იყო, თუმცა მეორე და მესამე პერიოდები ჯიკიჩის სამწყსომ ისე ითამაშა, ყველაფერი გადაფარა. დაცვაზე დაფუძნებული შეტევა – სწრაფი გარღვევები, სამქულიანები, საშუალო სროლები – გაუვალი დაცვის ფონზე ყველა ჩამოთვლილი შესატევი კომპონენტის ეფექტურად ამუშავდა. პირველ პერიოდში, სანამ მეტოქის თამაშს (და საკუთარსაც) ალღოს აუღებდნენ, ქართველებს საკუთარი მხრებით კაპიტანი თორნიკე შენგელია მიათრევდა. ცხადია, რთული იყო თავიდანვე აყობილად თამაში – მოედანზე, ოფიციალურ მატჩში სათამაშოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად გამოვიდა ამერიკელი მარკის რიდი. მას გუნდის გაძღოლა დაევალა და სანამ ჩვენებს რიტმს და ფეხს აუწყობდა, ინდივიდუალურ თამაშს უფრო ეძალებოდა, თუმცა შემდეგ ეს ფუნქცია შენგელიამ გადაიბარა და სოლო გარღვევებით არაერთი და ყველაზე მეტი ბურთი ხომ ჩააგდო, მეტოქეები ჯარიმებით დახუნძლა.
დანიელთა ჯარიმებს შენგელია საჯარიმოებით ქულებად აქცევდა და პირველ ნახევარში 18 ქულა დააგროვა. ის შეუჩერებელი იყო და მეტოქის დამცველებს იზიდავდა. ეს არეალს უთავისუფლებდა სხვებს – დუდა სანაძეს, გიორგი ტურძილაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, კახა ჯინჭარაძეს და მათ, ვინც პირველ ნახევარში მოედანზე გამოვიდნენ. დანიამ ხასიათი მაშინ გამოავლინა, როცა 9 ქულით ჩამორჩნილმა დეფიციტი მყისიერად აღმოფხვრა, თუმცა ტაიმის მიწურულს შენგელიას ძალისხმევით ისევ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და გიორგი ტურძლაძის ბოლო წამს ჩაგდებული ორიანით საქართველო დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 39:32.
მესამე პერიოდი საქართველომ ისე ჩაატარა, თავის ისტორიაში ანალოგი რომ ძნელად მოეძებნება. ჩვენებმა ათწუთეული გამანადგურებელი ანგარიშით – 38:15 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. სხვაობა 30 ქულაზე ავიდა, რისი გაბათილებაც ფანტასტიკის სფერო იყო. ერთიორად მისასალმებელია, რომ ამ გაქცევის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნაკრების დებიუტანტი, ალექსანდრე მერკვილაძე გახლდათ. ბელგიური ოსტენდეს 23 წლის ფორვარდმა მესამე პერიოდში 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და ეს იყო მისი მთლიანად სამატჩო მონაგარი. მერკვილაძემ სროლების 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა თამაში და ცხადია, თავის დებიუტს შთამბეჭდავი ელფერი შესძინა. დებიუტი ჰქონდა ვილი ისიანსაც, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა მოედანზე, როცა თამაშში მთლიანად სათადარიგოები იყვნენ.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდათ, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 18 ქულა და 5 პასი ჰქონდა მარკის რიდს, 13 ქულა დუდა სანაძემ მიითვალა, ხოლო 12 – როგორც ვთქვით, დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ. მასავით 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა მატჩი გიორგი ოჩხიკიძემ – 2 ორიანი და 1 სამიანი შეუცლომლად ესროლა.
დანია საქართველოში მოემგზავრება და ჩვენს ნაკრებს თბილისში, 2 მარტს დაუპირისპირდება.