“თავები მაღლა, თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ, გამარჯვებამდე ძალიან მცირედი დაგაკლდათ, რაც მომავალ დღეებში უნდა გამოვასწოროთ და ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ – ამ სიტყვებით მიმართა გასახდელში იტალიასთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხებულ საქართველოს ნაკრების წევრებს გუნდის თავკაცმა ილიას ზუროსმა – შემდეგი ჩვენი მეტოქე ბელგიაა და ჩვენ ფავორიტები ვართ, რადგან ევრობასკეტს შინ ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი არის ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში, პლეი ოფის თამაში. თქვენ ძალიან კარგები იყავით დღეს და დამიჯერეთ, დიდი ამბების დატრიალება შეგიძლიათ”.
კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას გარეშე გამართულ პირველივე მატჩში საქართველოს ნაკრებმა მტკიცე ხასიათი, გუნდურობა და ბოლომდე ბრძოლის უნარი გამოაჩინა. მრისხანე მეტოქეს, რომელსაც ევრობასკეტის მოგების სამართლიან ამბიცია აქვს, ჩვენი ნაკრები პირთამდე სავსე დარბაზში ტოლსწორად ეთამაშა და რომ არა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომები, ასევე ის უიღბლობა, როცა თანაბარ ანგარიშზე, შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თად მაკფადენმა რომ საკვანძო ბურთი ააცილა, საქართველოს ნაკრები იტალიიდან გამარჯვებული დაბრუნდებოდა.
საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოუწყო იტალიელებს 12:0 გაქცევა. პირველად 18:25 ჩამორჩენილებმა მეორე პერიოდის დასაწყისში მასპინძლები 30:25 ჩამოიტოვეს, ხოლო მეორედ, დიდ შესვენებაზე 5 ქულით მოლიდერე იტალიელებს სპურტი მოუწყვეს, რის შემდეგაც 50:43 დაწინაურდნენ. სამწუხხაროდ, მსაჯების მასპინძლებისადმი გადამეტებული ლმობიერების გამო, არაერთი დაუმსახურებელი ჯარიმა მივიღეთ და ძირითადი კომპონენტი, რაშიც მეტოქემ გვაჯობა, საჯარიმოდან მოპოვებული ქულები გახლდათ. თამაშიდან შესრულებულ სროლებში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ ჩვენზე 4-ით მეტი სამქულიანი (16-12) ჩააგდო, იტალიელებს ვაჯობეთ. საქართველოს ნაკრებმა 18 ორქულიანი და 12 სამიანი მიითვალა, მასპინძლებმა კი მხოლოდ 10 ორიანი და 16 სამიანი. რაც შეეხება საჯარიმოებს, იტალიელებმა ჩვენზე 9-ით მეტი ერთქულიანი მიითვალეს, რაც გახდა კიდეც შეხვედრის ბედის მთავარი განმსაზღვრელი.
ჩვენი ნაკრები მაშინაც კი არ ჩამოიშალა, როცა მეტოქე მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 8 ქულით – 82:74 დაწინაურდა. გოგა ბითაძის ორქულიანს თად მაკფადენის 2 სამიანი მოჰყვა, დაცვაში ქართველებმა მეტოქეს ყველა შეტევა ჩაუშალეს და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ამგარიში გათანაბრდა – 82:82. სწორედ აქ გათამაშდა საკვანძო ეპიზოდი, როცა ჩვენების კარგი დაცვის გამო ჯამპაოლო რიჩიმ ბურთი ააცილა, რომელიც მაკფადენმა მოიხელთა და შეტევის სამქულიანით დაგვირგვინება მოინდომა. ზედიზედ მესამე სამიანი არ ჩავარდა, რასაც იტალიელთა სიმონე ფონტეკიოს სამქულიანი მოჰყვა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გოგა ბითაძე შეტევაში, პასის მიღებისას დააჯარიმეს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილს მსაჯებმა დაცვაში საეჭვო ჯარიმა მისცეს და მე-5 პერსონალურის გამო სათადარიგოთა სკამისკენ მიუთითეს. ნიკოლო მელიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ 91:84 (სტატისტიკა) – იტალიელთა სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გოგა ბითაძე იყო 19 ქულით, 13 მოხსნით და 2 დაფარებით. თად მაკფადენმა 4 სამქულიანი ჩააგდო და გუნდს 16 ქულა მოუტანა. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულაა, დუდა სანაძის – 11. კარგი მატჩი ჰქონდა ვეტერან გიორგი ცინცაძეს 8 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა. სიმონე ფონტეკიომ მასპინძლებს 21 ქულა მოუტანა, დანილო გალინარიმ 17, მარკო სპისუმ – 15.
ჩვენსავე ჯგუფში ისლანდიამ შინ უკრაინა დაამარცხა და საქართველოს ქულით გადაუსწრო. ჩვენი მთავარი კონკურენტი სწორედ ისლანდიაა, რომელსაც მომავალ ფანჯარაში ვხვდებით: 11 ნოემბერს რეიკიავიკში ვითამაშებთ, ხოლო სამ დღეში თბილისსი იტალიას ვუმასპინძლებთ.
მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და გიორგი ცინცაძემ განაცხადეს:
ილიას ზუროსი: “პირველ რიგში, ვულოცავ იტალიის ნაკრებს გამარჯვებს. ვამაყობ ჩვენი გუნდით, წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე დღეებით წინ გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა.
ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე ბერლინის საგზურის მოპოვებაა. თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება. იტალიის ლიდერებმა გადამწყვეტ მომენტებში დიდებულად ითამაშეს. რაღაც დეტალები უნდა გამოვასწოროთ. მთელი ზაფხული სულ სხვანაირად ვითამაშეთ, ახლა კი გადავეწყვეთ. რატი გამოუცდელია, მაგრამ დიდი ტალანტი. თოკოს როლი უნიკალური იყო, ამიტომაც ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია.
თოკოს ძალიან უყვარს ეროვნული ნაკრები, წლებია მისთვის ბოლომდე იხარჯება. მისნაირი კალათბურთელი არც ისე ბევრია. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემი კალათბურთელების მჯერა – რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს.“.
გიორგი ცინცაძე: “ეს იყო რთული თამაში, პირველად ვითამაშეთ გუნდის ლიდერის და საუკეთესო მოთამაშის თოკო შენგელიას გარეშე. გუნდმა კარგად ითამაშა, წინ ოპტიმისტურად ვიხედებით. სამი წელიწადი ელის ქვეყანა ევრობასკეტს. გუნდი მზად არის და იბრძოლებს ბოლომდე – ევრობასკეტზე იოლი თამაშები არ იქნება, ჩვენი მიზანია პლეი ოფია. დანილოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ის დიდი კალათბურთელია“.