საქართველოს ნაკრები დონჩიჩის სლოვენიასთან 67:88 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები დონჩიჩის სლოვენიასთან 67:88 დამარცხდა

მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუკა დონჩიჩის სლოვენიასთან წააგო. სლოვენია სწორედაც რომ ლუკას გუნდია, რადგან არ არსებობს ამ ჩემპიონატზე ნაკრები, რომელიც ერთი კალათბურთელის მარიფათზე ისე იყოს დამოკიდებული, როგორც სლოვენია დონჩიჩზე. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს დალასელი სუპერვარსკვლავი, რომელმაც 13 ქულა მარტო საჯარიმოებით მოაგროვა, მთლიანობაში 36 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

თავდაპირველად მხოლოდ დონჩიჩი აგდებდა. სლოვენიელები რომ 14:2 გალიდერდნენ, 12 ქულა დონჩიჩის ანგარიშზე იყო. მას აჩრდილივით დასდევდნენ ქართველი უკანახაზელები, თუმცა ეფექტურად ვერ ზღუდავდნენ. ამის მიუხედავად, დონჩიჩის მოედანზე ყოფნის პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მოახერხა უპირატესობის მოპოვება. მოედანზე გამოსული სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე და გიორგი ცინცაძე შედეგიანად ათამაშდნენ და ისე, რომ დონჩიჩი მოედანზე იყო, ამხელა ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, დაწინაურდნენ კიდეც. 

პირველი პერიოდი საქართველომ 17:16 მოიგო, რის შემდეგაც სლოვენიელებმა თამაში დაალაგეს, მათ ამაში მსაჯის რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილებაც დაეხმარათ. რამაც ქართველები რიტმიდან ამოაგდო და ანგარიშში სხვაობამაც 10 ქულას გადააჭარბა. სლოვენია პირველი ნახევრის შემდეგ 2 ქულით იგებდა, საქართველოს ნაკრებმა კი დიდი შესვენების შემდეგ ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ დროებით – დონჩიჩი მოედანზე დაბრუნდა და უნივერსალური მოქმედებებით სლოვენიელებს მესამე პერიოდის ბოლოს კვლავ სოლიდური ლიდერობა დაუბრუნა – 63:50.

ბოლო ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. სლოვენია გამარჯვებამდე იოლად მივიდა, სეკულიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა – 88:67 (სტატისტიკა). დონჩიჩი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 7 მოხსნით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ. 12 ქულა მოაგროვა კახა ჯინჭარაძემ, რომელმაც ყველა ნასროლი ჩააგდო – 3 სამიანი, ორქულიანი და ერთიც საჯარიმო.  ასევე 100-პროცენტიანი შედეგიანობით ისროლა გოგა ბითაძემ, რომელმაც 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა 9 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. 

ჩვენს ჯგუფში მეორე მატჩში კაბო ვერდემ დაძაბულ ბრძოლაში 81:76 მოუგო ვენესუელას, რაც საქართველოსთვის ხელსაყრელი ანგარიშია. ბოლო ტურში სლოვენიამ კაბო ვერდეს რომ მოუგოს, საქართველო ვენესუელასთან (მაქსიმუმ 15 ქულით) წაგებითაც გადის ჯგუფიდან, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს სამხრეთამერიკელებთან მოსაგები აქვთ, რადგან მეორე ეტაპზე გუნდებს ჯგუფში მოპოვებული ყველა ქულა მიჰყვებათ. ასე რომ სლოვენიას კაბო ვერდეს დამარცხება სურს, რათა მეორე ჯგუფში მაქსიმალური – 3 მოგებით შევიდეს. საქართველოს კი ვენესუელელთა ძლევა ესაჭიროება, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მოგებით გადასვლა პლეი ოფში მოხვედრის შანსებს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულს ხდის.

საქართველოს ნაკრები ვენესუელასთან მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს.