საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის
თბილისში ევრობასკეტი იწყება. სამზადისი, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, დასრულებულია – 1 სექტემბრიდან საქართველო პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის საკალათბურთო ტურნირს. შორეულ 1965 წელს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა წართმეული ჰქონდა, თბილისმა ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს უმასპინძლა, თუმცა 57 წლის წინ ჩატარებული ტურნირის მასპინძლად აწ უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირი მიიჩნევა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დიდი დანაკლისით ხვდება. გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო. ოპერაციას გაიკეთებს თუ მხარს ქირურგიული ჩარევის გარეშე უმკურნალებენ, ამას იტალიელი ექიმები ამ კვირაში გადაწყვეტენ.
საქართველოს ნაკრებში შენგელიას ტრავმის შემდეგ ადგილი მიხეილ ბერიშვილმა დაიკავა, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა და ფორმა ცოტა ხნის წინ აღიდგინა. საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ევრობასკეტზე ასე გამოიყურება:
საქართველოში ევრობასკეტი ესპანეთისა და ბულგარეთის მატჩით – 1 სექტემბერს, 15:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ამავე დღეს, პირველი ტურის ბოლო შეხვედრას, 21:00 საათზე, ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაშის წინა დღეს ყველა გუნდმა ოფიციალური პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც გუნდის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მომავალ ტურნირზე ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ბელგიელთა პრეს-კონფერენციას მთავარ მწვრთნელ დარიო ჯერჯიასთან ერთად მოთამაშე მაქსიმ დე ზეუ დაესწრნენ.
მაქსიმ დე ზეუ: “მშვენიერ პირობებში ვართ, ყველაფერი მოწესრუგებულია, დახვედრა იდეალური იყო და ისღა დაგვრჩენია, კალათბურთზე, ჩვენს თამასებზე ვიფიქროთ. ვიცით, რომ წინ ურთულესი მატჩები გველის და თან პირველივე ჯერზე მასპინძლებს ვხვდებით. დარბაზი სავსე იქნება და საქართველოს ეს უპირატესობაც ექნება, თუმცა ჩვენ ჩვენსას ვეცდებით”.
დარიო ჯერჯია:
საქართველოს ნაკრებში NBA-სა და ევროლიგის კალათბურთელები არიან და ეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იგივე გოგა ბითაძე ავიღოთ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე ნამდვილი ვეტერანივით თამაშობს, რადგანაც კალათბურთი საოცრად კარგად ესმის. ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი მოხსნებზე უნდა გავაკეთოთ და მეტოქეს ფარქვეშიდან იოლი ბურთების ჩაგდების საშუალება არ მივცეთ.
თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათი პერიმეტრის მოთამაშეები რამით ჩამორჩებიან. ისინიც ათლეტურები არიან და აქტიურად თამაშობენ. საქართველოს ნაკრები გაცვლებს ხშირად მიმართავს და ესეც გასათვალისწინებელია, ამასთან, შეცდომებიც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
ალბათ, ყველას გახსოვთ ერთი კვირის წინ ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრა. საქართველოს მხოლოდ 3-4 წუთი დასჭირდა, რათა თანაბარი თამაშის ფონზე დიდი გაქცევა მოეწყო. ისინი აგრესიულ თამაშზე გადავიდნენ, რამაც მეტოქის დაკარგვები გამოიწვია, ამას კი სწრაფი შეტევები მოჰყვებოდა. ამდენად, თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, დისციპლინა ერთი წუთითაც არ უნდა დაირღვეს.
ბელგიელთა მწვრთნელს იმ გარემოზე დაეკითხენ, რომელიც საქართველოსთან მატჩზე მასპინძელთა სასარგებლოდ იქნება. სავსე ტიბუნები და ომახიანი ქომაგობა, რაზეც დარიო ჯერჯიამ ნიშნის მოგებით უპასუხა: ვფიქრობ, ამისთვის კარგად მოვემზადეთ გასულ მატჩებში, როდესაც ნიშში სერბეთს მოვუგეთ და მაშინ მატჩს 4.5 ათასი ქომაგი ესწრებოდა, სულ ახლახან კი, ათენში საბერძნეთს ვეთამაშეთ და დარბაზში 19 ათასზე მეტი მაყურებელი იყო. იმის თქმა მინდა, რომ საკმარისი გამოცდილება მივიღეთ და ვფიქრობ, ამ მომენტით უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ. კარგი იქნება, თუკი ძირითადად ჩვენს თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულნი. ეს, წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ისე, კარგია, რომ ვერ გავიგებთ, თბილისი არენაზე შეკრებილი 10 ათასი ქომაგი რას იყვირებს. ეს ჩვენი უპირატესობაა.
ილიას ზუროსი
“ყველას მოგესალმებით. ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს ვმასპინძლობთ და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მოთამაშეებს კი ჯანმრთელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რამდენიმე დღის წინ კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა…
… შენგელიას გამოკლება ჩვენთვის ძალიან რთული მომენტი იყო. უკანასკნელ მატჩებში თოკო პარკეტზე 30+ წუთს ატარებდა, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, ძალიან პროდუქტიული იყო და ყველას ეხმარებოდა. ამ სამწუხარო შემთხვევის შემდეგ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. ნაკრებში ცინცაძისა და შერმადინის სახით გამოცდილი კალათბურთელები გვყავს, ისინი გუნდს ბიძგს აძლევენ. კარგად გვესმის, რომ დანაკლისი უნდა შევავსოთ, სხვანაირად ვიმუშაოთ, რადგან გასულ შეხვედრებში შენგელიასთან ერთად განსხვავებულად ვმოქმედებდით. იმედი მაქვს, მომავალ თამაშებში ვიპოვით გზებს, თუ როგორ ვიმოქმედოთ უკეთესად…
…როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ. მომეწონა, თუ როგორ ვითამაშეთ იტალიასთან, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულობა და სტაბილურობა გვჭირდება, რათა ასე გამოსვლა გავაგრძელოთ და არა მხოლოდ ეს, ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უკეთესი უნდა გახდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 7 დღეში 5 მატჩის გამართვა მოგვიწევს, ამიტომ ყველა მოთამაშე უნდა გამოვიყენოთ, საკუთარი მოვალეობა თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს, რადგან ამ ტურნირზე ყველა ნაკრები ძლიერია და მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერ გუნდს შეუძლია…
…საქართველოში დაახლოებით 7 წელია ვმუშაობ. ძალიან მიხარია, რომ ეს ქვეყანა ასეთ შეჯიბრებას მასპინძლობს, ერთი სული გვაქვს პირველი თამაშის დაწყებამდე. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანი ვოცნებობდით ამ მომენტის დადგომაზე, ახლა კი უმაღლესი რანგის ღონისძიებას ვმასპინძლობთ. კიდევ ერთხელ, იმედია კარგად ვითამაშებთ და შემდეგი რაუნდის სათამაშოდ ბერლინში გავემგზავრებით. რომელი ადგილით ვგეგმავთ და გვსურს პლეი ოფში გასვლა?! ჩვენთვის მიზანი ბერლინის ეტაპზე მოხვედრაა. კალათბურთში ყოფნის პერიოდში იმას მივხვდი, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. არსებულ ვითარებაზე სწორი რეაქცია უნდა გვქონდეს, შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ამავდროულად, ზეწოლაცაა. თუმცა, უნდა მოვახერხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საჭირო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ჩვენ არა მხოლოდ ეს ჯგუფი, არამედ პოტენციური მეტოქეებიც შევისწავლეთ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და პირველად მიზანს მივაღწიეთ, მოთამაშეებამდე ინფორმაციის მისატანად 2 დღე გვექნება. დღეს კი მთავარი ბელგიასთან მატჩია, დანარჩენი კი შემდეგ ვნახოთ…
გიორგი შერმადინი
“ბრწყინვალე გრძნობაა, ასეთ ტურნირზე შინ ვთამაშობთ, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს დარბაზში, ჩვენი ხალხის წინაშე. ევრობასკეტის დაწყებას დიდი ხანი ველოდით. მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, თამაშები ჩავატარეთ, ხვალ კი შეჯიბრებაც იწყება.
საწყის მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით და როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩვენ პირველი რაუნდის გადალახვა და პლეი ოფში გასვლა გვსურს. იმედია, ყველა ჯანმრთელი იქნება და კარგ კალათბურთს ვაჩვენებთ. ამ დონის ტურნირის მასპინძლობა მთელ ქვეყანას ახარებს. ხვალ სავსე დარბაზი იქნება, ხალხი იმდენი ხანია ამ შეჯიბრების დაწყებას ელოდება, რომ მგონია, ემოციები არ დაგვაკლდება.
გუნდი მომზადებულია. უკვე 2 თვეა, რაც შევიკრიბეთ. ამ ეტაპზე ხვალინდელი მატჩისთვის ვვარჯიშობთ. ბელგია ძალიან კარგი, მებრძოლი გუნდია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ დაპირისპირებისთვის მზად ვართ. პლუს, ხვალ გვერდით გულშემატკივარი გვეყოლება, რაც უკეთ თამაშისათვის დამატებით ძალასა და ენერგიას მოგცემს. ძალიან მნიშვნელოვანია, ტურნირზე თამაში გამარჯვებით დავიწყოთ”.
ჩვენ კი ბოლოს გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ისტორიული ფაქტი:
- საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ისტორიული მატჩი 11 წლის წინ, სწორედ ბელგიის წინააღმდეგ გამართა. ის შეხვედრა ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, 2011 წლის 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით – 81:59 დასრულდა.
- საქართველოს ნაკრებმა აქამდე ნათამაშები 4 ევრობასკეტიდან 3 გამარჯვებით დაიწყო.
- გიორგი შერმადინი არის ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ 24-ივე შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.