საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა დათმო

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა დათმო

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ბულგარეთთან, რომელსაც აქამდე ყველა წაგება ჰქონდა და რომელიც რეიტინგით ჯგუფის ყველაზე სუსტი წევრი იყო. ამ მარცხით საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში გასვლა გაირთულა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდი იყო იმის შანსი, რომ ბოლო ტურში მონტენეგროსთან მხოლოდ მოგება დაგვჭირვებოდა. 

ასე რომ, ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროსთან ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა: ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბელგიამ ბულგარეთს უნდა მოუგოს და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ბულგარეთი და მონტენეგრო რჩებიან. 

ბელგიას საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს, რადგან ბულგარეთთან დამარცხების შემთხვევაში ჯგუფში რჩება. ასე რომ, ბელგია საკუთარ თავთან ერთად საქართველოსთვისაც თამაშობს და სასურველი იქნება, თუკი ქართველი გულშემატკივრები ამ მატჩზე დასასწრებად მივლენ და ბელგიელებს უქომაგებენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალი იქნება და რაც უფრო მეტო ქომაგი მივა თბილისი არენაზე, ბელგიისა და საქართველოსთვის მით უკეთესი.

რაც შეეხება თამაშს, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი კომპონენტის გამო წააგო – მეტოქეს შორი სროლების შესრულებაში ხელი ვერ შეუშალა. ბულგარელებმა 19(!) სამქულიანი ჩააგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა საჭირო დონეზე მხოლოდ მეორე პერიოდის დასაწყისამდე ითამაშა. საქართველო 22:14 იგებდა და მოულოდნელად მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თავიდან რომ სროლები არ მისდიოდათ, ბულგარელებმა ბურთის ბურთზე ჩაგდებას მიჰყვეს ხელი და ამაში მათ ხელი ქართველებმა ვერ შეუშალეს.

იყო ეპიზოდები, როცა ქართველები ჩამორჩენას ამცირებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში ბულგარელები პერიმეტრიდან შეუჩერებლები გახდნენ და თამაში ისე ჩამთავრდა, საქართველოს ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცემია – 80:92 (სტატისტიკა).

ეს გახლდათ ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანის, გიორგი ცინცაძის მე-200 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ამ შედეგით იგი ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. საიუბილეო მატჩში, ბულგარეთთან მწვრთნელმა ცინცაძე პირველ ნახევარში, არასრული 10 წუთი ათამაშა.

საქართველოსა და მონტენეგროს მატჩი თბილისი არენაზე 7 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.