საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მეორე მატჩი დათმო და ევრობასკეტისთვის მზადება დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან მეორე მატჩი დათმო და ევრობასკეტისთვის მზადება დაასრულა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადება დაასრულა. სამწუხაროდ, მოსამზადებელ ციკლში გამართული მე-6 შეხვედრაც მარცხიანი გამოდგა, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ამით არაფერი დაშავებულა. სათვალავში 28 აგვისტოდან ჩანიშნული თამაშებია, რომლებიც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართება და იქ უკვე თითოეულ მარცხს, ისევე როგორც მოგებას, დიდი მნიშვნელობა ექნება.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეხვედრა ჩეხთთან გამართა და 2 დღის წინანდელივით 15 სამქულიანი მიიღო. ამჯერად ჩეხებმა პერიმეტრიდან უკეთესი პროცენტულობით (32-დან 15) ესროლეს და შეიძლება ითქვას, კვლავ იგივე ტაქტიკით მოგვიგეს. ზოგადად ეს და წინა შეხვედრა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. 

საქართველოს ნაკრებმა ოპტომალური შემადგენლობით კვლავ ვერ ითამაშა. თორნიკე შენგელიას გარდა ჩვენს გუნდს გოგა ბითაძე აკლდა. ორლანდო მეჯიქის ცენტრს ფეხის კუნთი სტკიოდა და მწვრთნელებმა მისი მოედანზე გაყვანა გართულების თავიდან ასაცილებლად, აღარ გარისკეს.

მოწოდების სიმაღლეზე კვლავ ვერ ითამაშა ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც სამიზნე მატჩის მიწურულს გაისწორა. დაცვაში დაშვებული შეცდომები და ზოგადად, განვლილი 6 მატჩი კარგი გაკვეთილია ნაკრების ყველა წევრისთვის – განსაკუთრებით, მწვრთნელისთვის. ალექსანდარ ჯიკიჩმა ყველაზე კარგად უწყის, რა არის გამოსასწორებელი და რა როგორ უნდა გაკეთდეს, რათა შედეგი მივიღოთ.

თორნიკე შენგელიასთან ერთად საქართველო რომ სულ სხვა გუნდია, არაერთხელ დამტკიცდა. შენგელია ნაკრებს ბარსელონადან ლიმასოლში შეუერთდება და ევრობასკეტზე სულ სხვანაირად მოთამაშე საქართველოს ნაკრებს ვიხილივათ. 

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ჩეხეთში 22 და 23 აგვისტოს დარჩება და ევრობასკეტზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, 24-ში, საღამოს გაემგზავრება.