საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან ამხანაგური შეხვედრა დათმო

საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან ამხანაგური შეხვედრა დათმო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ციკლში მე-3 ამხანაგური მატჩი გამართა. თუ აქამდელი შეხვედრები ისრაელთან და ესტონეთთან დახურული ტიპის იყო, კაუნასში, ლიეტუვასთან გამართულ მატჩს მაყურებლები დაესწრნენ და შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

ჟალგირისის “კაუნო არენა” სავსე იყო, ლიეტუველები აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზების მხრივ ისე მიუდგნენ, როგორც ჩვეულებრივ, ოფიციალურ მატჩს – მატჩისწინა კომენტარებით, დასრულების შემდეგ მოთამაშეთა მიქს-ზონაში გავლითა და პრეს-კონფერენციით. საქართველოს ნაკრებმა ვერც ამჯერად ითამაშა სრული შემადგენლობით. სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს კაუნასში შემოუერთდა, თუმცა კაუნასიდან ჩვენს გუნდს კაპიტანი, თორნიკე შენგელია დროებით გამოაკლდა, რომელიც პირადი მიზეზების გამო ესპანეთში გაემგზავრა.

ლიეტუვასთან შეხვედრაში 5 კალათბურთელს არ უთამაშია – ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, ილია ლონდდარიძეს, გიორგი სულაბერიძესა და სანდრო სანაძეს. მწვრთნელმა უფრო მეტი დრო დაუთმო გუნდის წამყვან მოთამაშეებს. სანდრო მამუკელაშვილთან ერთად ნაკრები სულ სხვა ტიპის კალათბურთს თამაშობს და მწვრთნელმა არაერთი ტაქტიკური ვარიანტი მოსინჯა.

შეხვედრას რაც შეეხება, თამაშის ხარისხი წინა შეხვედრებზე უკეთესი იყო. მართალია, სხვაობა ისრაელთან და ესტონეთთან წაგებულზე მეტი დაფიქსირდა, თუმცა გასათვალისწინებელია მეტოქის სიძლიერე და თამაშის მსვლელობისას მომხდარი მომენტები. ლიეტუველთა ლიდერობამ 20 ქულას ბოლო წუთებზე გადააჭარბა, მესამე პერიოდში კი მასპინძელთა ლიდერობა 6 ქულამდეც შემცირდა. სროლები არ წაუვიდა ჩვენი გუნდის ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელს, კამარ ბოლდუინს, რომელმაც მესამე პერიოდში გაიბრწყინა და  ლიეტუველთა მწვრთნელს, რიმას კურტინაიტისს წუთშესვენება ააღებინა. 

ბოლო პერიოდის წინ სხვაობა 8 ქულა იყო, თუმცა მასპინძელთა მჭიდრო დაცვის გამო ჩვენებმა ვერ მოახერხეს ბოლო წუთებზე თამაშის დაძაბვა. საქართველოს ნაკრებს ბოლო ათწუთეულში თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდია – 9 საჯარიმო მიითვალა და ბოლო პერიოდი 9:24 წააგო. საბოლოოდ ლიეტუვამ 77:54 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი სანდრო მამუკელაშვილი გახდა. 9 ქულა მოაგროვა ბექა ბურჯანაძემ, 8 – გოგა ბითაძემ, კამარ ბოლდუინის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. 6 ქულა დააგროვა გიორგი შერმადინმა და 5 – გიორგი კორსანტიამ. 

საქართველოს ნაკრები 11 აგვისტოს ლიეტუვადან პოლონეთში გადაფრინდება, სადაც კატოვიცესთან ახლოს მდებარე ქალაქ სოსნოვიეცში დაბანაკდება და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 აგვისტოს გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.