საქართველოს U16 ჩემპიონატის თბილისის საკვალიფიკაციოს ჩემპიონი “ზაზას აკადემიაა”

საქართველოს U16 ჩემპიონატის თბილისის საკვალიფიკაციოს ჩემპიონი “ზაზას აკადემიაა”

ზაზას აკადემია საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის თბილისის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულია. უილ სმიტისა და ნიკა ნიბლაძის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში “ოვერტაიმს” დამაჯერებლად – 94:74 სძლია და ჩემპიონი გახდა.

20-ქულიანი სხვაობა არ ასახავს იმ რეალობას, რაც ფინალურ მატჩში დაფიქსირდა. “ოვერტაიმმა” იბრძოლა, ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა წარმატების შანსს, თუმცა ბოლომდე თავისი ვერ გაიტანა. ამაში მათ ხელი “ზაზას” გუნდურმა თამაშმა და საბა სხულუხიას ქებულმა გარჯამ შეუშალა. 

სხულუხია საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან ფინალურ მატჩში 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. სხულუხია სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა. 

ტურნირზე დაწესებული მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ოვერტაიმელმა ჯაბა ჯმუხაძემ დაიმსახურა, რომელმაც ფინალური მატჩი სენშეყრილმა, მაღალი ტემპერატურით ითამაშა. ჯმუხაძეს პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრმა, მამუკა ლომიძემ გადასცა. 

ჩემპიონი ზაზას აკადემიელები და ვერცხლის პრიზიორი ოვერტაიმელები მედლებითა და სიგელებით მამუკა ლომიძემ და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს. კავშირის პრეზიდენტმა გადასცა საჩემპიონო თასიც “ზაზას” კაპიტან გიორგი ხურციძეს. 

ფინალზე გაცილებით დაძაბული გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. “ჰიუნდაიმ” 1 ქულის სხვაობით – 67:66 დაამარცხა “აკადემია” და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. ჰიუნდაელები მედლებითა და სიგელებით მამუკა ლომიძემ და ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს.

საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი ოფში გასული 8 გუნდი 20 იანვრიდან საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმება, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები დაემატებიან. ჯგუფიდან ვერგასული და პლუს მსურველი გუნდები, მომავალი წლიდან თბილისის ჩემპიონატში იასპარეზებენ. 

ზაზა- ოვერტაიმი 
სტატისტიკა: 94:74

აკადემია – ჰიუნდაი
სტატისტიკა: 66:67