საქართველოს U16 ნაკრებმა ლიეტვური ლომები და არწივები ბრძლაში დაამარცხა

საქართველოს U16 ნაკრებმა ლიეტვური ლომები და არწივები ბრძლაში დაამარცხა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს 2 გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ლიეტუვის საკმაოდ სოლიდური საკალათბურთო კლუბის – SMK-ს 2 გუნდი – ლომები და არწივები დაამარცხა. ორივე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით კი მეორე, რომელშიც ქართველებმა SMK-ლომებს ერთი ქულით – 55:54 (სტატისტიკა) სძლია.

საქართველოს ნაკრებმა ზღაპრული მატჩი მოიგო. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბალტიისპირელები 51:46 იგებდნენ. ბოლო 2 წუთში ქართველებმა 3 სამქულიანი ჩააგდეს და ფაქტობრივად უიმედო მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს. ჯერ დაჩი გომურაშვილმა იტვირთა გმირობა, რომელმაც 30 წამის მანძილზე 2 ზუსტი სამქულიანი გაისროლა. მისი მეორე სამიანის შემდეგ საქართველო თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 52:51 დაწინაურდა, თუმცა ლიეტუველმა დეივიდას კერნოვასმა სამქულიანით “ლომები” 54:52 დააწინაურა.

გამარჯვების სამქულიანი მათე ყავლაშვილმა, მატჩის დასრულებამდე 1 წუთითა ადრე ჩააგდო. მატჩში საუკეთესო შედეგი ირაკლი ქარდავას ჰქონდა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. 10 ქულა და 4 პასი საბა ჟღენტმა მიითვალა, მათე ყავლაშვილის ანგარიშზე 9 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.

პირველი მატჩი ქართველებმა “SMK-არწივებს” 43:36 (სტატისტიკა) მოუგეს. ბოლო პერიოდის წინ ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 32:30 იგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ მოდუნდა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა. 15 ქულით ყავლაშვილი გამოირჩა, 7 ქულა ჰქონდა დავით ჭუაძეს.

საქართველოს ნაკრები მე-2 წრის ბოლო, მე-5 შეხვედრას 21 იანვარს შვედურ “ფრიშუსეტთან” გამართავს, რის შემდეგაც თბილისში გამოემგზავრება.