საქართველოში გამომგზავრებამდე ბურჯანაძემ “რეალს” 9-ჯერ მოუხსნა

საქართველოში გამომგზავრებამდე ბურჯანაძემ “რეალს” 9-ჯერ მოუხსნა

საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებამდე, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ბექა ბურჯანაძემ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. მისი “ბეტისი” მე-11 ტურში სამეფო გუნდს სტუმრად შეხვდა და 48:71 წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბმა სახელოვან მეტოქესთან 2 მეოთხედი თანაბრად ითამაშა, თუმცა, პირველ და მესამე მეოთხედებში, შესაბამისად, 6:18 და 13:25 წააგო და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა.

ბურჯანაძემ მოედანზე 20:48 წუთი გაატარა და 2 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მოაგროვა. ბექამ 4-ვე ორქულიანი და 4-ვე სამქულიანი ააცილა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბეტისს 11 ტურში 2 მოგება შერჩა და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, შინ, მალაგას უნიკახასთან ჩაატარებს. ახლა, ბურჯანაძე უკვე საქართველოში გამოემგზავრება და ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას.