რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი “კასადემონტ სარაგოსაში” უიღბლო გამოდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2 დღის წინ გააფორმა, დღეს კი უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში “ხირონას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ფეხი იტკინა და თამაშში აღარ დაბრუნებულა.
სარაგოსელებმა მატჩი საბოლოოდ 81:74 მოიგეს, რაშიც სოლიდური წილი ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში მოთამაშე თად მაკფადენმა შეიტანა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის ანგარიშზე 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 2-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თადი შეხვედრის MVP გახდა და მას ნამატჩევს ტრადიციული კომენტარი სთხოვეს:
”გამარჯვება კარგია და დღეს მოგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი საზრუნავი და საფიქრალი ახლა მხოლოდ ერთია. ჩემს ბიჭზე ვფიქრობ, იმედია, რომ რატი კარგად იქნება. მალე უნდა გამოჯანმრთელდე და თამაშს უმოკლეს დროში დაუბრუნდე”, – განაცხადა მაკფადენმა.
რაც შეეხება იმ მცირე პერიოდს, რაც ანდრონიკაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, 22 წლის ქართველმა მხოლოდ 1 მოხსნის მითვლა მოასწრო. რატი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე პერიოდიდან გამოჩნდა, თუმცა დაშავდა და მისი ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია. სარაგოსას 17 მატჩიდან 8 მოგება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ანდრონიკაშვილ-მაკფადენის გუნდი ბადალონაში ხუვენტუდს შეხვდება.