“სარაგოსასთან” მოგებულ მატჩში შერმადინმა MVP-ის ტიტული დაისაკუთრა

“სარაგოსასთან” მოგებულ მატჩში შერმადინმა MVP-ის ტიტული დაისაკუთრა

გიორგი შერმადინი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. მალაგური “უნიკახას” ქართველმა ლეგიონერმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ყოფილი გუნდის – “სარაგოსას” წინააღმდეგ მატჩში შედეგიანად ითამაშა და MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.

შერმადინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:36 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 4 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მალაგელებმა მეტოქე საბოლოოდ 102:77 დაამარცხეს.

ქართველი ლეგიონერის გარდა, მალაგელთაგან ათქულიან ზღვარს სერბი ნემანია ნედოვიჩი (17), პოლონელი ადამ ვაჩინსკი (15) და ამერიკელი რეი მაკკალუმიც (11) ასცდნენ. ისიც სათქმელია, რომ სტუმრებმა 28-დან 16 სამქულიანი გამოიყენეს.
“უნიკახამ” 6 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “იბეროსტარ ტენერიფესთან” გამართავს.