შენგელია 13, ბურჯანაძე – 10. ბასკონიამ გრან კანარიას სტუმრად მოუგო

შენგელია 13, ბურჯანაძე – 10. ბასკონიამ გრან კანარიას სტუმრად მოუგო

ესპანეთის ჩემპიონტში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას ბასკონია სტუმრად ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას შეხვდა და 89:72 დაამარცხა. ორივე ქართველის ანგარიშზე ჯამში 23 ქულა გახლდათ.

შენგელია  სასტარტო ხუთეულში იყო და 34:16 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ შეივონ შილდსს (24) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა აქტივში ილიმანე დიოპს.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:40 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-ვე ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ბასკონია 8 მოგებითა და 9 მარცხით მე-11 ადგილზეა, გრან კანარია კი იდენტური მაჩვენებლებით მეთორმეტეა.

მომდევნო ტურებში, 18-19 იანვარს, ბასკები მადრიდის რეალს ესტუმრებიან, კანარელები კი გასვლით შეხვედრაში სარაგოსას გაეჯიბრებიან.