შენგელია საუკეთესო იყო, თუმცა მისი ცსკა უნიკსთან უშანსოდ დამარცხდა

შენგელია საუკეთესო იყო, თუმცა მისი ცსკა უნიკსთან უშანსოდ დამარცხდა

მოსკოვის ცსკა-ს, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, რთული დრო უდგას. არმიეული გუნდი ზომაზე მეტ მატჩებს აგებს. ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამასის მიუხედავად, მორიგი მარცხი მოსკოველებმა ევროლიგაში, ყაზანის “უნიკსთან” საკუთარ მოედანზე განიცადეს – 67:88

ქართველმა ფორვარდმა თამაში ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველ მეოთხედში შეუჩერებელი იყო. თორნიკემ 13 ქულა და 3 მოხსნა პირველ 10-წუთიან პერიოდშივე მიითვალა, მაგრამ ამის მიუხედავად, ცსკა ანგარიშში ძალიან ჩამორჩა და დიდ შესვენებაზე სოლიდური, -18 ქულით გავიდა – 28:46.

ოსკოველებმა თამაში ვერც ამის შემდეგ გამოასწორეს. დიმტრის იტუდისის გუნდმა მესამე მეოთხედი კიდევ 3 ქულით დათმო, ბოლო პერიოდი კი 16:16 დაასრულა და ევროლიგაში მეექვსე წაგება მიითვალა. 

აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ ანტირეკორდი გაიმეორა. მოსკოველებმა შინ 21 ქულის სხვაობით ისტორიაში პირველად 2012 წლის ნოემბერში წააგეს – ბარსელონასთან (60:81). უნიქსთან შეხვედრა კლუბის ისტორიაში მეორეა, როცა საკუთარ მოედანზე 20 და მეტი ქულით დამარცხდა.

რაც შეეხება შენგელიას, ქართველი ფორვარდი მოედანზე ყველაზე შედეგიანი იყო. მის ანგარიშზე 25:12 წუთში მოპოვებული 20 ქულა, 6 მოხსნა (3-3) და 2 პასია, ეფქტურობის ინდექსი (PIR) კი, ასევე ყველაზე მაღალი ორივე გუნდში – 27.

თორნიკემ ზუსტად 10-იდან 8 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ისროლა. მის ანგარიშზე ასევე 2 ჩაჭრა, ერთი დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი იყო. 

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 9 მოგება და 6 წაგება აქვს და ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. დიმიტრის იტუდისის გუნდი მე-16 ტურში სტუმრად გერმანულ ალბას ეთამაშება. ეს შეხვედრა 17 დეკემბერს ჩატარდება.