საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა სტამბოლის ფენერბაჰჩემ მოსკოვში ცსკა 89:83 დაამარცხა და არმიულ გუნდს სუპერლიგაში არსებული დალხენილი ყოფა გაურთულა. ცსკა-ს, რომელსაც ევროლიგაში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ, ბოლო 4 მატჩში მესამედ დამარცხდნენ, რაც ერთპიროვნული ლიდერობის დათმობად დაუჯდათ. არმიელების წაფორხილებით ისარგებლა “ბარსელონამ” და ევროლიგის ყოჩს ქულებით გაუთანაბრდა.
მატჩში გადამწვეტი უკანასკნელი მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკოველებმა 17:26 დათმეს. მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა შენგელიასთვის, რადგანაც მას მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა. თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო: 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა.
შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მხოლოდ სერბ ცენტრ ნიკოლა მილუტინოვს (21) ჩამორჩა, რომელმაც 12 ქულას 7 მოხსნა და 2 პასი წაამატა.
სათქმელია ისიც, რომ მატჩის საუკეთესო მომენტად სწორედ ქართველი კალათბურთელის შეტევა აღიარეს, როდესაც მან მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და ის გიგანტ ჩეხ იან ვესელის (სიმაღლე 2.13 მ.) თავზე გადაატენა. სხვა საქმეა, რომ ამ უკანასკნელმა 24 ქულა ჩააგდო და ფრანგ ნანდო დე კოლოსთან (22 ქულა, 9 პასი) ერთად, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
შემდეგ შეხვედრას არმიელები 27 იანვარს, ბერლინში, “ალბასთან” ჩაატარებენ.