შენგელიამ პანათინაიკოსის მომგებ ვირტუსს ულიდერა – 16 ქულა, 7 პასი

შენგელიამ პანათინაიკოსის მომგებ ვირტუსს ულიდერა – 16 ქულა, 7 პასი

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – მატჩის ბომბარდირი გახდა. თოკოს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 16 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ეს გახლდათ ბოლონიელების მეცხრე გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაზე. ამ მაჩვენებლით ისინი მეცამეტე ადგილზე არიან. პლეი ოფში კი საუკეთესო რვაეული გადის.

მომდევნო მატჩს თორნიკეს გუნდი 22 იანვარს იტალიის ჩემპიონატში “ბრინდისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.