ევროლიგაში წაგებებს დაჩვეულმა მოსკოვის ცსკა-მ მადრიდში “რეალი” დაამარცხა. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით არმიელებმა პირველ პერიოდში უპირატესობა რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე აღარ გასჭირვებიათ. ხელჩასაჭიდ ლიდერობას მოსკოველები მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც – 96:89.
შენგელიას საოცარი პირველი მეოთხედი ჰქონდა, როცა 11 ქულა მოაგროვა და მოედანზე საუკეთესო იყო, სამწუხაროდ, მან პერსონალური ფოლები მალევე მიიღო და 5 ჯარიმით მე-3 მეოთხედში გავარდა. მთლიანობაში შენგელიამ 17:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 2 ჩაჭრა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდი 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. თორნიკემ 7-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. ცსკა-ს ვილ კლაიბერნმა 23 ქულა მოუტანა, ჯეიმსმა – 22. რეალის რიგებში საუკეთესო ტომპკინსი იყო 20 ქულით. ტავარეშმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 13 მოხსნა.
25 მარტს ცსკა მოსკოვში ერთ-ერთ აუტსაიდერ ცრვენა ზვეზდას მასპინძლობს, რომელიც 8 გამარჯვებით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.