ევროლიგაში რუსული დერბი გაიმართა. მოსკოვის ცსკა-მ მოსკოვის რეგიონის “ხიმკის” უმასპინძლა და ქართველი სუპერფორვარდის, თორნიკე შენგელიას თანამონაწილეობით იოლად – 97:72 გაიმარჯვა. ეს არმიელთა ზედიზედ მეოთხე საევროლიგო გამარჯვება გახლდათ.
შენგელია სატარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:21 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 4 მოხსნა (4-ვე დაცვაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი გააცუდა. მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი 13 იყო.
ცსკა-მ გუნდური კალათბურთი აჩვენა და 10-ქულიან ზღვარს ქართველი მძიმე ფორვარდის გარდა, კიდევ 5 კალათბურთელი გადასცდა, საუკეთესო კი იოჰანეს ვოიტმანი გახლდათ, რომელსაც 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – 16 ქულა, 9 მოხსნა.
ევროლიგაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და ცსკა-ს პლეი ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს. მხოლოდ ის არის გასარკვევი, რომელ ადგილზე გავა. მოსკოველებს 32 თამაშში 22 მოგებითა და 10 წაგებით მე-2 პოზიცია უკავიათ და მომდევნო ტურში, 8 აპრილს, ფრანგულ ლიონ-ვილერბანს უმასპინძლებენ.