თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. ბოლონიელების მეტოქე “ვენეციაა”, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ძალინ მხირე აქვს. სერიის პირველ მატჩში ბოლონიელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ვენეცია ოვერტაიმში – 103:89 დაამარცხეს.
არადა, ვირტუსი კომფორტულად იგებდა. პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით იგებდნენ და თითქოს იოლი გამარჯვება უნდა ეზეიმათ, თუმცა, სტუმრებმა თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს. იქ ვირტუსმა უკვე ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და დამატებით ხუთწუთეულში მეტოქე 17:3 გაანადგურა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მარკო ბელინელიმ, რომელმაც ძირითადი დროის ბოლოს სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ოვერტაიმში კიდევ 2 სამიანი მიითვალა და ვენეციელებს ყველა იმედი გადაუწურა.
ოვერტაიმში 5 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ და გამარჯვებაში სოლიდური წილი შეიტანა. მთლიანობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა. თოკო სასტარტოში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მხოლოდ იტალიელ ვეტერან მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც 25 წუთში 26 ქულა ჩააგდო, მათ შორის, 9-დან 7 სამქულიანი.
ნახევარფინალური სერიის მე-2 შეხვედრა 26 მაისს ისევ ბოლონიაში შედგება, ფინალის საგზურისთვის კი 3 თამაშის მოგებაა საჭირო. ისიც ვთქვათ, რომ მე-2 ფინალისტის ვინაობა მილანისა და ბრეშას სერიაში გაირკვევა.