ვირტუს ბოლონიას იოლი გასვლითი გამარჯვება იტალიის სერია A-ში. თორნიკე შენგელიას გუნდმა მეტოქე მისსავე მოედანზე 39 ქულის სხვაობით – 100:61 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფორვარდმა საკუთარი წილი დაიდო.
პირველ პერიოდში გასავარდნ ზონაში მყოფმა ტრევიზომ მოწინააღმდეგე 4 ქულით დაამარცხა, მაგრამ მეორე მეოთხედი სტუმართა სრული დომინაციით წარიმართა და დიდ შესვენებამდე ბოლონიელები 17 ქულით გაიჭრნენ წინ. მესამე მეოთხედში ვირტუსმა უპირატესობა 30-მდე გაზარდა, საბოლოოდ კი 39-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა, რაც თამაშის სიმსუბუქიდან იყო გამომდინარე. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში შენგელიამ 11 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 14 შეადგინა, რაც ანალოგიური შედეგია მარკო ბელინელისა და ისაია კორდინიერის მონაგარისა. საუკეთესო კი ანტე ჟიჟიჩი გახდა, რომელმაც 15 ქულა ისე დააგროვა, ბურთი არ აუცელია.
ვირტუსი იტალიაში მე-2 ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა შენგელიას გუნდს ევროლიგაში, მონაკოსთან აქვს, რომლის ასისტენტი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია.