ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო კატალონიურმა ბარსელონამ. თორნიკე შენგელიას გუნდმა ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 98:85 სძლია. ქართველი ფორვარდი გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 29:16 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში აშკარად გამორჩეული იყო 2 კალათბურთელი. ვილ კლაიბერნმა 10-დან 7 (!) სამქულიანი ჩააგდო და 28 ქულა მოაგროვა, ხოლო კევინ პანტერის მონაგარი 24 ქულა იყო.
ბარსელონას 15 ტურის შემდეგ 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა (ბოლო 6 მატჩიდან ხუთში იმარჯვა) და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს, საფრანგეთში პარიზის წინააღმდეგ ჩაატარებს.