ლიგა ენდესა: „ბარსელონას“ იოლი გამარჯვება
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი სხვაობით, 91:69 გაანადგურა. კატალონიელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, ოთხივე პერიოდში აჯობეს სტუმრებს და ლოგიკურ წარმატებას მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 22 წუთი დაყო, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა (ერთი შორი სროლა კი ააცილა), რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა.
ამ დროისთვის „ბარსელონა“ 20 მოგებითა და 9 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე საფეხურზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 9 მაისს, საკუთარ კედლებში, „ბურგოსის“ წინააღმდეგ გამართავს.
პრიმერა FEB: კორსანტიას წარმატებული სვლა
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის 33-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „ჰესტია მენორკას“ უპრობლემოდ სძლია — 84:66. მასპინძლებმა უპირატესობა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს და გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ.
ქართველმა ფორვარდმა 12 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. კორსანტიამ 4-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ერთი სამქულიანი კი მიზანს ასცდა.
19 გამარჯვებითა და 12 წაგებით „გიპუზკოა“ მეხუთე პოზიციას იკავებს. მორიგ მატჩს გიორგის გუნდი 8 მაისს, სტუმრად „ობრადოიროსთან“ გამართავს.
დუდა სანაძის გუნდის დრამატული მარცხი
წარუმატებელი გამოდგა ტური დუდა სანაძისთვის, რომლის „პალმერ ბასკეტიც“ გასვლაზე „ესტუდიანტესთან“ მინიმალური სხვაობით, 70:73 დამარცხდა. სანაძის გუნდი მატჩს იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდში 12-ქულიანი ჩამორჩენა დააფიქსირა, რაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ქართველმა უკანახაზელმა 23 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 3-დან 2 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი ოთხივე შორი სროლა არაზუსტი გამოდგა.
„პალმერ ბასკეტი“ 8 მოგებითა და 23 მარცხით მე-15 ადგილზე რჩება. 8 მაისს ისინი საკუთარ მოედანზე „პალმას“ დაუპირისპირდებიან.