შენგელიას 14 ქულა და ცსკა-ს მორიგი იოლი გამარჯვება VTB ლიგაში

შენგელიას 14 ქულა და ცსკა-ს მორიგი იოლი გამარჯვება VTB ლიგაში

მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, VTB ლიგაში მეორე მატჩი გამართა და პირველის მსგავსად დიდი სხვაობით იმარჯვა. არმიელებმა 3 დღის წინ ბელარუსული “ცმოკი-მინსკი” 48 ქულით გაანადგურეს, მეორე ტურში კი პოლონური “ზელენა გორა” არ დაინდეს და 105:71 სძლიეს. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:37 წუთში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

თორნიკემ ბოლო მეოთხედის სტარტზე ეფექტური სლემიც შეასრულა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი ცსკა-მე მეტოქეზე 22 ქულით მეტი ჩააგდო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და მხოლოდ დანიის ნაკრების ლიდერ იფე ლუნდბერგს (25) ჩამორჩა, რომელმაც 12 ქულას 5 მოხსნა და 10 პასი წაამატა.

რუსულ გრანდს VTB ლიგაში მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ნიჟნი ნოვგორდში ელის, თუმცა, მანამდე, ევროლიგის ახალ სეზონშიც ჩაებმება. 30 სექტემბერს შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიაში არმანი მილანს ეთამაშებიან.