შენგელიას 14 ქულა “ვალენსიასთან” და “ბასკონია” ლიდერებში გაერია

შენგელიას 14 ქულა “ვალენსიასთან” და “ბასკონია” ლიდერებში გაერია

ესპანეთის გასულ, მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთვის” კარგი ამბები მოხდა. ერთი, რომ ბასკონიელებმა მოიგეს და არანაკლებ სასიხარულო მათთვის მთავარი კონკურენტების – “რეალის” და “ბარსელონას” წაფორხილება გახლდათ. ეს ესპანური ლიდერების პირველი მარცხი გახლდათ და შესაბამისად, მე-7 ტურის შემდეგ ლიგაში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. “რელას” და “ბარსელონას” “ბასკონიაც” შეუერთდა.

ბასკონიელები შინაურ კედლებში ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერ “ვალენსიას” შეხვდნენ და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ (77:56), შენგელია კი, უკვე ტრადიციულად, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ მოედანზე 23:38 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:18 წუთში 9 ქულა (ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4 საჯარიმო) და 1 მოხსნა მიითვალა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვეტერანი ბრაზილიელის მარსელინიო უერტასის გარჯაც, რომელმაც 10 ქულას 11 პასი წაამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

“ბასკონიას” ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩი 11 ნოემბერს ელის, როდესაც გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრება.