თორნიკე შენგელიას დებიუტი იტალიის სერია “ა”-ში. ბოლონიური “ვიტრტუს სეგაფრედოს” ქართველმა ფორვარდმა ევროთასზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ იტალიის ჩემპიონატიც შედეგიანად დააჭაშნიკა. მორიგი ტურის მატჩში ბოლონიურმა კლუბმა ვენეციური “უმანა რეიერს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 81:77 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ვირტუსელთა მაისურით სადებიუტო მატჩი ხუთიოდ დღის წინ ევროთასზე ჩაატარა და მაშინ სლოვენიურ ცედევიტასთან 14 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ამდენად, დღესაც მსგავსი მაჩვენებლები მოუგროვდა.
ბოლონიელებმა იტალიის სერია A-ში 18 მოგება და 3 მარცხი მოაგროვეს და ლიდერ მილანს გაუთანაბრდნენ, რომელმაც ამ ტურში ბრეშასთან მოულოდნელად წააგო. ვირტუსი მომდევნო მატჩს 26 მარტს ჩაატარებს, როდესაც რეჯიო ემილიას უმასპინძლებს.