შენგელიას 16 ქულა და ვირტუსის გამარჯვება მაკაბისთან ევროლიგაში

შენგელიას 16 ქულა და ვირტუსის გამარჯვება მაკაბისთან ევროლიგაში

თორნიკე შენგელიას ლიდერობით ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა იტალიაში თელ ავივის მაკაბის უმასპინძლეს და 84:77 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩჭრა დაგროვდა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხორვატ ანტე ჟიჟიჩს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

2 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუს ბოლონია სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს, მადრიდში, რეალთან ჩაატარებს.