შენგელიას 20 ქულა რეალთან

შენგელიას 20 ქულა რეალთან

ევროლიგაზე თამაშობს თუ ესპანეთის ჩემპიონატში, თორნიკე შენგელია ბასკონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს სასიამოვნო ტრადიცია ესპანეთის ჩემპიონატშიც გაგრძელდა, სადაც მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველი ფორვარდი შეუჩერებელი იყო. სამწუხაროდ, ბასკონიელები დაძაბულ ბრძოლაში – ბოლო წამზე მიღებული ბურთის გამო – 89:91 დამარცხდნენ. მეტოქე ესპანეთისა და ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი – მადრიდის რეალი გახლდათ.

ბასკონეელებმა მრისხანე მეტოქეს მე-3 მეოთხედი 36:18 მოუგეს და მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, მადრიდელთა არგენტინელმა ლეგიონერმა გაბრიელ დეკმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი დრო – 32:32 წუთი ითამაშა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ მეტ ჯენინგს (23) და ლუკა ვილდოზას (20) ჩამორჩა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 18 ქულა ჩააგდო, არგენტინელი მცველის მონაგარი კი 15 ქულა და 5 პასი იყო.

ბასკონიას 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, სტუმრად, ობრადოიროსთან გამართავს.