შენგელიას 25 ქულა და MVP-ის ტიტული ოლიმპიაკოსთან მოგებულ მატჩში

შენგელიას 25 ქულა და MVP-ის ტიტული ოლიმპიაკოსთან მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ევროლიგის მე-4 ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა და “ოლიმპიაკოსის” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. ბასკონიელებმა ბერძნულ გუნდს ვიტორიაში უმასპინძლეს და 82:66 სძლიეს, შენგელია კი მატჩის MVP გახდა.

თორნიკემ 29:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულას, 9 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შენგელიამ 16-დან 9 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა. საერთო ჯამში შენგელიას მატჩში ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი – 28 დაუგროვდა. ამ მხრივ მის შემდეგ ბასკონიელთაგან იუსუფა ფოლი მოდის, რომელმაც 8 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა პიერია ანრიმ მოაგროვა, ხოლო ნიკოლას სტაუსკასმა – 11.

ნამატჩევს შენგელიამ კომენტარი გააკეთა: 

სასიამოვნოა, რომ ამ თამაშის მოგება შევძელით. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში პრობლემები იყო, მაგრამ ამ საღამოს მათი გამოსწორებისთვის ვიზრუნეთ. გულშემატკივრებს, ქალაქს და ჩვენ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ.

2 მოგებითა და 2 მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში  მე-7 ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს შენგელიას გუნდი 29 ოქტომბერს, სტუმრად “ილერბანთან” გამართავს.