შენგელიას ბარსელონა და მარკოიშვილის მონაკო ევროლიგის პლეი ინში ითამაშებენ

შენგელიას ბარსელონა და მარკოიშვილის მონაკო ევროლიგის პლეი ინში ითამაშებენ

ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას ე.წ. Play-In-ის ფორმატში გააგრძელებენ. წესების თანახმად, პირველი ექვსი გუნდი პირდაპირ პლეი-ოფში გავიდა, ხოლო მე-7-დან მე-10 ადგილამდე გასული კლუბები დარჩენილი ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

ქართველი გულშემატკივრისთვის წლევანდელი გათამაშება საინტერესოა, რადგან Play-In-ის სტადიაზე ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი – თორნიკე შენგელია და ნაკრების მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობენ. ​თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ რეგულარული სეზონის ბოლო ტურში მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად – 95:69 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე სოლიდური დრო – 24:23 წუთი დაყო. თორნიკემ გუნდს 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორჯერ ისროლა და ორივე გამოიყენა. შენგელიამ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი მეტოქეები 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა (PIR) 11 შეადგინა. ამ გამარჯვების მიუხედავად, „ბარსელონამ“ მე-9 ადგილი დაიკავა და Play-In-ში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, შენგელიას გუნდს პლეი-ოფამდე კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი ექნება.

​დრამატული ბრძოლები ელის მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ „მონაკოსაც“. ფრანგულმა კლუბმა ბოლო ტურში „ჰაპოელ თელ-ავივი“ 20 ქულის სხვაობით – 105:85 დაამარცხა. მარკოიშვილის გუნდმა რეგულარული სეზონი მე-8 პოზიციაზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი Play-In-ის პირველ მატჩს ათენის „პანათინაიკოსის“ (მე-7 ადგილი) წინააღმდეგ გამართავენ.
​ევროლიგის ახალი ფორმატით, მე-7 და მე-8 ადგილოსნების წყვილში გამარჯვებული პირდაპირ პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში კი, მარკოიშვილის გუნდს კიდევ ერთი შანსი ექნება – ისინი შენგელიას „ბარსელონასა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან. ანუ არსებობს შანსი, შენგელიას და მარკოიშვილის გუნდები ერთმანეთს პლეი ოფის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში შეხვდნენ.

წინ ურთულესი და დაძაბული კვირაა, სადაც ქართული კალათბურთის წარმომადგენლები ევროპის უმთავრეს ტურნირზე დარჩენისთვის იბრძოლებენ. 

ქართული დერბი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მე-2 საკალათბურთო ლიგაში (Primera FEB) ქართული დაპირისპირება შედგა: გიორგი კორსანტიას გიპუზკოა ბასკეტმა დუდა სანაძის პალმერ ბასკეტ მალიორკას უმასპინძლა და 82:65 დაამარცხა.

კორსანტია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 3 ქულა, 14 მოხსნა (6 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.
გიორგიმ სამივე ორქულიანი ააცილა, 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ეს არ იყო დუდა სანაძის დღე. მან შეხვედრა უქულოდ დაასრულა და აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი.

მერკვილაძის 8 ქულა და ოსტენდეს იოლი გამარჯვება

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის (BNXT League) 29-ე ტურში ალექსანდრე მერკვილაძის ოსტენდემ მეხელენს უმასპინძლა და 94:66 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბელგიური კლუბების შეხვედრაში 17 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მერკვილაძემ ორივე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. ალექსის მიერ ცალი ხელით შესრულებული დანქი მატჩის ერთ-ერთი ჰაილაითი იყო.

ოსტენდეს 22 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ კიდევ ერთ ბელგიურ კლუბ ანტვერპენს ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 19 აპრილს ისევ მეხელენთან ჩაატარებს