თორნიკე შენგელია ტემპს არ აგდებს – თუმცა მისი კარგი თამაშის მიუხედავად ვირტუსი ყოველთვის ვერ იგებს. ასე იყო ევროლიგის მორიგ ტურში, როცა ბოლონიური კლუბი ათენში, პანათინაიკოსს დაუპირისპირდა. შენგელია ბოლონიელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა გამარჯვებას ეს არ ეყო – პანათინაიკოსმა მეტოქეს ბოლო პერიოდში გატეხა, რომლის მსვლელობისას ბოლონიელები 67:62 იგებდნენ, თუმცა დასკვნით წუთებში მასპინძლებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და 90:76 გაიმარჯვეს.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 32:12 წუთში მისი მონაგარი 17 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 2 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 13-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ვირტუსის კალათბურთელთაგან 20 ქულით მარკო ბელინელიც გამოირჩა, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე კი პანათინაიკოსის წევრი კონსტანტინოს მიტოღლუ გახდა, რომელმაც 24 ქულას 10 მოხსნა წაამატა. ათენელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო.
ვირტუსს 9 ტურში 6 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაშს კი 23 ნოემბერს, შინ, თურქულ ფენერბაჰჩესთან ჩაატარებს.