ვირტუს ბოლონიაში შედეგიან თამაშს აგრძელებს კარიერის საუკეთესო ფორმაში მყოფი თორნიკე შენგელია. ქართველმა ფორვარდმა იტალიის სერია A-ში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა თავის გუნდს ვერ უშველა. ჩემპიონატის ლიდერმა მოულოდნელი მარცხი განიცადა აუტსაიდერ ბრინდიზისთან. გუნდთან, რომელსაც მიმდინარე სერია A-ში გამარჯვება არ ჰქონდა, ბოლონიელებმა 75:83 წააგეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 9-დან 4 ორულიანი, 1-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ჰქონდა გაბრიელ ლუნგბერგსაც, მატჩის გმირი კი ბრინდიზელი ჯორდან ბეისე გახდა 25 ქულითა და 10 მოხსნით.
ეს გახლდათ ბოლონიელთა მე-2 მარცხი სერია A-ში და შენგელიას გუნდს ვენეცია, ნაპოლი და ბრეშა წამოეწივნენ. ოთხივე გუნდს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. ვენეციაში ქართველი ფორვარდი, გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელმაც ბოლო ტურში რეჯიო ემილიასთან 90:70 მოგებულ მატჩში 3 წუთი ითამაშა.