თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ევროლიგის ფინალში გასვლამდე მცირედი დააკლდა. მოსკოვურმა ფლაგმანმა ოთხთა ფინალის პირველ შეხვედრაში, რომლის მოგებულიც ფინალში გადიოდა, დაძაბულ ბრძოლაში სტამბოლის “ეფესთან” 86:89 დათმო.
ქართველმა ფორვარდმა 24:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. შენგელიას 4 ჯარიმა ნაადრევად დაუგროვდა და ის იტუდისმა მეოთხე პერიოდში აღარ ათამაშა. ცსკა მესამე პერიოდში 21 ქულას აგებდა და გუნდმა თამაშში დაბრუნება მოახერხა, თუმცა ვილ კლაიბერნმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე სამქულიანი ააცილა და რუსულმა გუნდმა ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
ევროლიგის ფინალი 30 მაისს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 22:30-საათზე დაიწყება და ჩემპიონობისთვის ეფესი და კატალონიური ბარსელონა შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, რომლის ძირითადი დრო ფრედ სრულდებოდა, მაგრამ კორი ჰიგინსმა სირენის თანხლებით ორქულიანი ჩააგდო და კატალონიელებს 84:82 გაამარჯვებინა.
შენგელიას გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში მეორე ნახევარფინალში დამარცხებულ “არმანი მილანს” შეხვდება.