ზედიზედ მე-12 გამარჯვება ევროლიგაში – თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სეზონის მძიმე სტარტის შემდეგ ჩვეული, გრანდისთვის დამახასიათებელი იმიჯი და შედეგიანობა დაიბრუნა. არმიელებმა ევროლიგის მორიგ ტურში მილანში არმანი დაამარცხეს – 91:87.
მოსკოველებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. ძირითადი დრო ფრედ – 80:80 დასრულდა და არმიელებმა მხოლოდ ოვერტაიმში მიღწეული 4-ქულიანი უპირატესობის ხარჯზე იმარჯვეს. შენგელიამ 15 წუთში 8 ქულის, 7 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი საერთოდ არ უსვრია. თორნიკემ 5 ფოლი მიიღო და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა. ამგვარად, შენგელიას ეფექტურობის კოეფიციენტი 12 გამოვიდა.
არმიელებს ნიკოლა მილუტინოვმა ულიდერა, რომელიც ფარქვეშ აბსოლუტური დომინანტი იყო და 19 მოხსნა მიითვალა, ამასთან 17 ქულაც დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა მაიკ ჯეიმსმაც, რომელმაც 20 ქულა და 11 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.
მოსკოვის ცსკა ევროლიგას 17 თამაშში მოპოვებული 14 გამარჯვებით ლიდერობს და მომდევნო ტურში, 7 იანვარს, თორნიკეს ყოფილ გუნდ ბასკონიას ესპანეთში დაუპირისპირდება.