შერმადინი და საქართველო ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

შერმადინი და საქართველო ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

მაისის თვეში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ფიბა–ევროპის ოფიციალური ვებ–გვერდიდან – www.fibaeurope.com-იდან შეეხმიანნენ, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეების გაცნობის მიზნით მოთამაშეებთან ინტერვიუებს ვაკეთებთ და თუ შეიძლება, გიორგი შერმადინის ტელეფონის ნომერი მოგვეცით, მასთან გვსურს გასაუბრებაო – ასეთი იყო თხოვნა. წერილის ადრესატი თავად მარკ ვუდსი, ფიბა–ევროპის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მომუშავე BBC-სა და Sky Sports-ის ჟურნალისტი იყო. რა თქმა უნდა, მარკ ვუდს შერმადინის ნომერი მივეცით და დაპირებული ინტერვიუც fibaeurope.com-ზე გამოჩნდა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.
 

 
“ამ ზაფხულს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის არცთუ დიდი ხნის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს, რასაც მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელის. “ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია”, – აცხადებს გუნდის 22 წლის ცენტრი გიორგი შერმადინი. “ნაკრების ყველა წევრი და მათ შორის მეც, მომავალ ბატალიებს გამორჩეული ემოციებით ველით. ხალხშიც ზუსტად იგივე განწყობაა. ისინი აქედანვე ემზადებიან, რათა კლაიპედაში წამოვიდნენ და ნაკრებს გვერდით დაუდგნენ. ამ ზეიმს ხომ ყველანი დიდხანს ველოდით”.
 

ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველები ამ დღისკენ 16 წელი მიიწევდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წელს სლოვაკეთთან ჩაატარა და მარცხი განიცადა. მას შემდეგაც, ქართველებს წაგება უფრო მეტი მოუგროვდათ, ვიდრე გამარჯვება, თუმცა, გუნდი მიზნისკენ ნელ-ნელა მიიწევდა.
 ახლა, ამ გუნდის მთავარი მიზანი ევრობასკეტზე გაბრწყინებაა, რაც ქართველებს წარმოუდგენლად სულაც არ მიაჩნიათ. “სლოვენიასთან და საბერძნეთთან შედარებით, ცხადია, სასწავლი ბევრი გვაქვს. არაერთი წელი გვჭირდება, რათა ეროვნული ჩემპიონატის დონემ და შესაბამისად, ქვეყანაში კალათბურთის პოპულარობამ იმატოს. თუმცა, ვგრძნობ, რომ ქართული კალათბურთი წინ მიიწევს და სწორად ვვითარდებით”.
 
შერმადინმა გასული სეზონი განათხოვრების წესით სლოვენიურ “ოლიმპიაში” გაატარა, ისე კი, ბერძნული “პანათინაიკოსის” წევრია. მან “რიმინის” ცენტრ ნიკა მეტრეველის, “კანტუს” მცველ მანუჩარ მარკოიშვილისა და “გიესენის” ფლეიმეიქერ ლაშა გამყრელიძესთან ერთად, ნაკრების მაისური ადრეულ ასაკში მოირგო და მას შემდეგ ზრდა არ შეუწყვეტია.
 “თამაში 16 წლის ასაკში დავიწყე და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატმა ჩემს კარიერაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია. თბილისის “მაკაბის” ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში ვიცავდი, რის შემდეგაც ჯერ ახალგაზრდულ, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი” – დასძენს შერმადინი, რომელიც გასულ სეზონში ჩინებულად გამოიყურებოდა და ევროლიგაში საშუალოდ 7.4 ქულას აგროვებდა.
 

 
მიუხედავად ამისა, ყველასთვის ნათელია, რომ გიორგი ეროვნულ ნაკრებში “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას შემცვლელი იქნება. ეს უკანასკნელი ხომ იგორ კოკოშკოვის ნაკრების აშკარა ლიდერად ითვლება.
 “ზაზა გამორჩეული ფიგურაა. იგი ჩვენი ნაკრების საუკეთესო მოთამაშე და ჩინებული პიროვნებაა. მოკლედ, რომ ვთქვათ, გუნდის გასაღებია. თუმცა, გუნდში სხვა კარგი ბიჭებიც არიან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. პირადად, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”.
 
როდესაც შერმადინი ევროპირველობის პირველი ეტაპის დაძლევაზე საუბრობს, ცხადია, აზრი ჯგუფში საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებზეც აქვს შექმნილი. “დარწმუნებული ვარ, ასპარეზობას პირველ სამეულში დავასრულებთ. ამას მხოლოდ სურვილი არ მალაპარაკებს. უპირველეს ყოვლისა, რუსებთან საბრძოლველად მოვემზადებით, რომელიც სლოვენიასთან ერთად, ჯგუფის ფავორიტია. ბელგიასთან, უკრაინასთან და ბულგარეთთან ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ და მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით. ამ გუნდების დამარცხება ჩვენს ძალებს არ აღემატება”.