შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა – დღეს ფინალია

შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა – დღეს ფინალია

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული “ტენერიფეს” ქართველი ლიდერი, გიორგი შერმადინი ამ ტურნირის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს. ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი მიმდინარეობს, რომლის თამაშებისგან დასვენების დღეს ამ ტურნირის გალა-დაჯილდოება მოეწყო. მოგეხსენებათ, 6 მაისს გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში ესპანურმა კლუბებმა – “ტენერიფემ” და “მანრესამ” გაიმარჯვეს, რომლებიც დღეს, 8 მაისს, ფინალში შეხვდებიან. 

7 მაისს ბილბაოში გალა-დაჯილდოება მოეწყო, რომლის ერთ-ერთი გმირიც გიორგი შერმადინი გახდა. ქართველი ცენტრი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთულში – ცენტრის პოზიციაზე დაასახელეს. ამასთან ერთად გამოვლინდნენ საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც “მანრესას” თავკაცი პედრო მარტინესი გახდა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – ჯორდანო ბორტოლანი (ტრევიზო, იტალია).

გიორგი ქართველიშვილი და გიორგი შერმადინი მოგებული ნახევარფინალური მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალზე ფიბა-ს მაღალჩინოსნებთან ერთად მიწვეული გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ფიბა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
იონა რადებაუ (ლუდვიგსბურგი, გერმანია)
ჩიმა მონეკე (მანრესა, ესპანეთი)
კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)

ასევე გამოვლინდა მეორე ხუთეული, რომელშიც შერმადინის თანაგუნდელი, მეგობარი და პასებით მომმარაგებელი მარსელიონიო ჰუერტასი შევიდა.

რაც შეეხება MVP-ის, ის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ესპანურ კლუბებს – ტენერიფესა და მანრესას შორის 8 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.