შერმადინი საუკეთესო, ბოისა – კარგი, “ოლიმპია” – მოგებული

შერმადინი საუკეთესო, ბოისა – კარგი, “ოლიმპია” – მოგებული

ლიუბლიანის „ოლიმპიამ“ სლოვენიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა მეორე ადგილზე მყოფი „ჰელიოსი“ 96:66 გაანადგურა და მეორე ადგილზე თავად აინაცვლა.
 
შეხვედრა ლიუბლიანაში გაიმართა, 500 მაყურებლის თვალწინ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა კარგი თამაში იხილეს. ამ ბოლო ხანებში ისე აეწყო, რომ შერმადინი და ბოისა ან კარგად თამაშობენ, ან ორივე ხელმოცარული ტოვებს მოედანს. საქართველოს წარგზავნილებს ამჯერად წარმატებული დღე ჰყონდათ: გიორგი შერმადინს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის ბომბარდირი და შესაბამისად საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო.
 
შერმადინი ხუთეულში არ ყოფილა. მან მოდანზე გატარებულ 15:10 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8–დან 6 ორქულიანი და 5–დან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო.
 
ვლადიმერ ბოისა ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 15 წუთზე ოდნავ ნაკლები დაჰყო. მან 9–დან 5 ორქულიანი ჩააგდო, თითო სამიანი და საჯარიმო კი ააცილა. საბოლოოდ ბოისას 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. ისევე როგორც შერმადინმა, ბოისამაც მნიშვნელოვანი წვლილი შიტანა ჰელიოსელების განადგურებაში.
 
სლოვენიის ჩემპიონატს 9–დან 9 გამარჯვებით ნოვო მესტოს „კრკა“ ლიდერობს, მეორე–მეოთხე ადგილებს კი სამი გუნდი – „ოლიმპია“, „ჰელიოსი“ და „ზლატაროგი“ იყოფენ, რომელთა შორისაც ლიუბლიანელებს ბურთების საუკეთესო შეფარდება აქვთ.
 

შერმადინმა 8 ცდიდან 6 ორქულიანი ჩააგდო