ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი, რომელსაც ქართველები განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდით, ბრძოლას გამოეთიშა. რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე ტურნირის რვათა ფინალში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” პირველივე, მეოთხედფინალურ მატჩში ფრანგულ “სტრასბურთან” დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მართალია, ქართველმა ცენტრმა კარგად ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მისმა გარჯამ ტენერიფელებს ვერ უშველა. მატჩის ბედი ძირითადმა დრომ ვერ გადაწყვიტა. შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა, სადაც გამარჯვება ფრანგულ კლუბს დარჩა – 88:86.
შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ თამაშამდე შერმადინს, როგორც ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დასახელებულ მოთამაშეს, სპეციალური პრიზიც გადაეცა.
ამდენად, ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი, სტრასბურგის გარდა, ესპანური სარაგოსა და თურქული ქარშიაქა აგრძელებენ. კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა დასკვნით მეოთხედფინალში გაირკვევა, რომელშიც თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსი ებრაულ ჰაპოელ ჰოლონს გაეჯიბრება.