გიორგი შერმადინის გუნდის შესანიშნავი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ლენოვო ტენერიფემ ლიგა ენდესას 21-ე ტურში უშუალო კონკურენტსა და ცხრილში მეზობელ ბასკონიას უმასპინძლა. შეხვედრა ტენერიფელთა ბრწყინვალე გამარჯვებით – 95:78 დასრულდა, რაც ქართველი ცენტრის დიდი დამსახურებაა.
საბოლოოდ გიორგი შერმადინზე მეტი ქულა ტენერიფელთაგან ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში, 22 წუთი ითამაშა და 2-დან 2 ორქულიანი, ხოლო 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ სროლის უმაღლესმა პროცენტმა და დაკარგვის არქონამ განაპირობა ის, რომ შერმადინმა სარგებლიანობის ყველაზე მაღალი ინდექსი – 18 დააგროვა. მისი სხვა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. ტენერიფელთა ბომბარდირი მარსელინიო ჰუერტასი გადა, რომელმაც 18 ქულა და 6 პასი დააგროვა. 13 ქულა ჰქონდა კაილი გაის.
12 მოგებითა და 9 მარცხით ტენერიფე ესპანურ ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზეა და ასეთივე ბალანსი აქვთ ცხრილში ზედა და ქვედა მეზობლებს – მურსიასა და დღეს ძლეულ ბასკონიას. შემდეგ ტურში, 10 თებერვალს, შერმადინის გუნდი სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის სარაგოსას შეხვდება, რომელმაც დღეს დაძაბულ ბრძოლაში – 63:61 დაამარცხა ბრეოგანი. ანდრონიკაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მან ფეხი სარაგოსაში სადებიუტო მატჩში იტკინა და მას მერე, 2 კვირაა, მოედანზე აღარ გასულა.