გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფემ” თად მაკფადენის “ბურგოსი” 89:60 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტენერიფელები ფიბას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ და მაისის თვეში ფინალში ითამაშებენ.
ფიბამ კოვიდ-რეალობასთან მორგებული ფორმატი შეიმუშავა და საერთაშორისო მიმოსვლის თავიდან მაქსიმალურად ასარიდებლად საუკეთესო 8 გუნდს ერთ ქალაქში, ფინალს ათამაშებს. მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი ასე გამოიყურება: ქარშიაქა (თურქეთი), ჰაპოელი (ისრაელი), ტენერიფე (ესპანეთი), ბურგოსი (ესპანეთი), ნიჟნი ნოვგორიდი (რუსეთი), აეკ (საბერძნეთი), სარაგოსა (ესპანეთი), ნიმბურკი (ჩეხეთი).
ტენერიფელებს ჯგუფში პირველი წრის მატჩი 22 ქულით ჰქონდა ნურგოსთან წაგებული და შესაბამისად, პირველ ადგილზე გასასვლელად ამაზე მეტით გამარჯვება ესაჭიროებოდა. შერმადინის გუნდმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულა და 29 ქულის სხვაობით იმარჯვა, რაშიც ქართველი ცენტრის წვლილი უდიდესია.
შერმადინმა 19:44 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 32 წლის ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა. გიორგი ამ კუთხით მხოლოდ თანაგუნდელთა ემირ სულეიმანოვიჩს ჩამორჩა (18), რომელმაც 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.
უხეიროდ ითამაშა ბურგოსელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 11:44 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 1 პასი მიითვალა, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების წევრისთვის კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება. მოგეხსენებათ, მაკფადენი საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს.
ფინალური ეტაპის გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.