ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც 2 მოგებამდეა. სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული თოფაში 83:78 დაამარცხა. ტენერიფელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და თუ მომდევნო მატჩს მოიგებენ, ოთხთა ფინალში გავლენ.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში კი გაათანაბრა (70:70), მაგრამ დარჩენილ დროში მეტი ვერ შეძლო. ტენერიფემ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა და ამაში მთავარი წვლილი მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს მიუძღვით. ბრაზილიელმა 30 ქულა (11/18 თამაშიდან) და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი, რომელმაც სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედანზე ჯამში 22:21 წუთი დაყო, თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ტენერიფეს 35 წლის ქართველმა ცენტრმა 7-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი უშეცდომო იყო – 10-იდან 10.
სერიის მეორე მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში სერიის გადამწყვეტი მატჩი ტენერიფეში ჩატარდება.